წინამდებარე კრებული არის 2002 წლის იანვარში ქართულ-რუსულ ენებზე გამოცემული ამავე სახელწოდების კრებულის მეორე, შევსებული გამოცემა. ამ კრებულში დამატებით შეტანილ იქნა 77 ახალი დოკუმენტი, ხოლო მისი ქრონოლოგიური ასპარეზი გაფართოვდა 2002 წლამდე.
კრებული მოიცავს 1989-2002 წლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული კონფლიქტებისა და მათი მოწესრიგებისაკენ მიმართულ მოქმედებათა ამსახველ და ქრონოლოგიურად დალაგებულ 379 უმთავრეს პოლიტიკურ-სამართლებრივ აქტსა და დოკუმენტს, კერძოდ, ესენია:
1. ავტონომიური რეგიონების ხელისუფლების ორგანოების აქტები, მიმართული რეგიონალიზაციის, პოლიტიკური დეცენტრალიზაციის, სახელმწიფოსაგან გამოყოფისა და ამ რეგიონების შემდგომი სუვერენიზაციისაკენ;
2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და სამთავრობო ორგანოების აქტები, მიმართული სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა-განმტკიცებისაკენ;
3. კონფლიქტთან დაკავშირებით მეზობელი სახელმწიფოების (სსრ კავშირი, რსფსრ) და საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, დსთ) გადაწყვეტილებანი;
4. კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებასთან დაკავშირებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებანი;
5. პრობლემასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტი.
მასალის სრულად წარმოჩენის მიზნით კრებულში შეტანილი ბევრი დოკუმენტი გადმოიცა შემოკლებით, ამონაკრების სახით - იმ პოზიციებით (თავები, მუხლები, აბზაცები), რომლებიც ზუსტად შეესაბამება კრებულის მიზანდასახულობასა და საკუთრივ დოკუმენტის სულისკვეთებას.
გამოცემის უმთავრესი მიზანია საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისაწვდომი გახადოს საქართველოში რეგიონული კონფლიქტების ამსახველი ვრცელი პოლიტიკურ-სამართლებრივი ინფორმაცია (ცოდნა); დოკუმენტური ფორმით მიუკერძოებლად და სრულყოფილად აჩვენოს საქართველოს ამ ორ რეგიონში კონფლიქტების განვითარება და მათი მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესი, ამ მიმართულებით კონფლიტში ჩაბმული მხარეების, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგები.
გამოცემა, რომელსაც არა აქვს სრულყოფილების პრეტენზია, განკუთვნილია ხელი შეუწყოს აღნიშნული კონფლიქტების შესახებ სწორი საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და აგრეთვე, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში მართებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
|