კრებული არის საქართველოში რეგიონული კონფლიქტების კვლევის ფარგლებში ჩვენს მიერ 2002 წელს ქართულ-რუსულ ენაზე გამოცემული და ინტერნეტში
განთავსებული ანალოგიური სახელწოდების კრებულის შევსებული გამოცემა. ის ორგანული ნაწილია, აგრეთვე ჩვენს მიერ 2004 ქართულ-რუსულ ენებზე
გამოცემული და ინტერნეტში განთავსებული კრებულისა - "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რეგიონების სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში
(1917-1988). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული."
ეს კრებული მოიცავს 1989-2011 წლებში სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ავტონომიურ რეგიონებში განვითარებული კონფლიქტების ამსახველ უმთავრეს
პოლიტიკურ-სამართლებრივ დოკუმენტებს, კერძოდ:
1. ავტონომიური რეგიონების ხელისუფლების ორგანოების აქტებს, მიმართულს რეგიონალიზაციის, პოლიტიკური დეცენტრალიზაციის, სახელმწიფოსაგან
გამოყოფისა და ამ რეგიონების შემდგომი სუვერენიზაციისაკენ;
2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და სამთავრობო ორგანოების აქტებს, მიმართულს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
დაცვა-განმტკიცებისაკენ;
3. კონფლიქტთან დაკავშირებით მეზობელი სახელმწიფოების (სსრ კავშირი, რსფსრ) და საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი,
დსთ, ნატო) გადაწყვეტილებებს;
4. კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებასთან დაკავშირებულ შეთანხმებებს.
5. პრობლემასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტს.
მასალის სრულად წარმოჩენის მიზნით კრებულში ბევრი დოკუმენტი მოცემულია შემოკლებებით, ამონაკრებების სახით, მაგრამ იმ პოზიციებით (თავები,
მუხლები, აბზაცები), რომლებიც ზუსტად შეესაბამება კრებულის მიზანდასახულობასა და საკუთრივ დოკუმენტების სულისკვეთებას.
კრებული, რომელსაც არ აქვს სრულყოფილების პრეტენზია, არის ერთგვარი მეგზური კონფლიქტების სამყაროში უკეთ ორიენტირებისათვის. გამოცემა
მოწოდებულია ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი გახადოს საქართველოში 22-წლიანი რეგიონული კონფლიქტების შესახებ დაგროვილი ვრცელი
პოლიტიკურ-სამართლებრივი ინფორმაცია (ცოდნა), დოკუმენტურად აჩვენოს ამ ორ რეგიონში კონფლიქტების გენეზისი: პოლიტიკური დაპირისპირებისა და
კონფლიქტების დაწყება და შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაზარდა, მათი შემდგომი მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესი, მათი შედეგები და მომავალი.
პრობლემის შესახებ ცოდნის ფართო საზოგადოებისათვის მაქსიმალურად მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ამ კრებულის დოკუმენტები, ისევე როგორც
რეგიონული კონფლიქტების კვლევის ფარგლებში თავმოყრილი სხვა მასალები, სამივე ენაზე თავსდება ინტერნეტში, საძიებო სისტემით აღჭურვილ ჩვენი
ორგანიზაციის ვებგვერდზე.
კრებულის უმთავრესი დანიშნულება არის დაეხმაროს კონფლიქტებში ჩაბმულ და მათი მოწესრიგების მონაწილე მხარეებს, სხვა დაინტერესებულ საზოგადოებას,
პრობლემის რაც შეიძლება ღრმად გააზრებაში, თავიანთი წილი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში და მისი სამართლიანი მოგვარების საქმეში მართებული
გადაწყვეტილებების მიღებაში.
|