რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი

 

 

კომისია

 

 

ა ს კ ვ ნ ა

 

საქართველო

 

 

2008

შესავალი

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია” საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა.

კომისიამ შეისწავლა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვისტომდე და აგვისტოში – რუსული სამხედრო ინტერვენციის პერიოდში – განვითარებული მოვლენები.

ფაქტების დასადგენად და ინფორმაციის მისაღებად კომისიამ ჩაატარა მოსმენები. დიდი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მოსმენები იყო ღია. კომისიის სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, სხდომათა ნაწილი დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

კომისიის შეკითხვებს 22-მა მაღალი სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირმა უპასუხა. კომისიასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა საქართველოს პრეზიდენტმაც გამოთქვა და უპასუხა კომისიის შეკითხვებს.

კომისიამ მოუსმინა შემდეგ თანამდებობის პირებს (მოსმენების ქრონოლოგიის მიხედვით):

1. გელა ბეჟუაშვილს (საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი); ეკატერინე ტყეშელაშვილს (საგარეო საქმეთა მინისტრი);

2. თეიმურაზ იაკობაშვილს (სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში);

3. ალექსანდრე ლომაიას (ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი);

4. მამუკა ყურაშვილს (სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი);

5. ზაზა გოგავას (საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი);

6. დავით ტყეშელაშვილს (სახელმწიფო მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში);

7. ზაზა გოროზიას (სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში);

8. ვლადიმერ ვარძელაშვილს (სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი შიდა ქართლის მხარეში);

9. ალექსანდრე კვიტაშვილს (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი);

10. ლადო გურგენიძეს (საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი);

11. გიორგი უგულავას (ქალაქ თბილისის მერი);

12. დიმიტრი სანაკოევს (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (შემდგომში დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი));

13. მალხაზ აქიშბაიას (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე);

14. ეკატერინე შარაშიძეს (ეკონომიკური განვითარების მინისტრი);

15. დავით ბაქრაძეს (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე);

16. ერასტი კიწმარიშვილს (საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში);

17. გიორგი ბოკერიას (საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე);

18. ივანე მერაბიშვილს (შინაგან საქმეთა მინისტრი);

19. გრიგოლ ვაშაძეს (საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე);

20. დავით კეზერაშვილს (თავდაცვის მინისტრი);

21. მიხეილ სააკაშვილს (საქართველოს პრეზიდენტი).

გარდა მოსმენებისა, ინფორმაციის წყაროდ კომისიამ გამოიყენა საერთაშორისო, ქართული და რუსული მასმედიის მასალები და პუბლიკაციები, აგრეთვე ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები.

მოსმენების შემდეგ ხდებოდა თანამდებობის პირთაგან მათ უწყებებში არსებული შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვა.

წარმოდგენილი ანგარიში შემდეგ ასპექტებს მოიცავს:

მოვლენების განვითარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამდე და მას შემდეგ;

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივები;

სამხედრო აგრესიის მასშტაბი;

საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ომის დროს და გამოვლენილი ხარვეზები;

რეკომენდაციები.

 

მოვლენების განვითარება

 

რუსეთის ფედერაციის აგრესია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა. 2008 წლის აგვისტოსთვის რუსეთის ფედერაცია და მისი სამხედრო-პოლიტიკური პროტექტორატის ქვეშ მოქმედი უკანონო დე ფაქტო რეჟიმები უკვე აკონტროლებდნენ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში.

2004 წლამდე

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებში, მათ შორის, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, აქტიურად გაიშალა ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური მოძრაობა. 1990 წლის ოქტომბერში საქართველოში 70 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – უზენაეს საბჭოში, რომლებშიც მმართველი კომუნისტური პარტია დამარცხდა. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარდა რეფერენდუმი. რეფერენდუმზე მოსულ მოქალაქეთა 98%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. ამის შედეგად უზესაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

აფხაზეთი

1992 წლის აგვისტოში რკინიგზის გამუდმებული ძარცვისაგან1 დაცვის და მძევლად აყვანილი სახელმწიფო საბჭოს წევრების გათავისუფლების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, სამთავრობო ძალები შევიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. რუსეთის ფედერაციის პროვოცირებით უკანონო აფხაზურმა დანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სამთავრობო ნაწილებს. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გადმოსული არაფორმალური შენაერთები, ასევე რეგულარული არმია2, მათ შორის, სამხედრო ავიაცია3.

აქტიური სამხედრო დაპირისპირების პერიოდში, რუსეთის ფედერაციის გარანტიით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება სამჯერ გაფორმდა. შეთანხმების პირობების თანახმად სამთავრობო ჯარები ტოვებდნენ გარკვეულ ტერიტორიას (ერთხელ ქალაქი გაგრა, ორჯერ ქალაქი სოხუმი). ბოლო ყველაზე დიდი მასშტაბის შეთანხმება ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციის გარანტიებით 1993 წლის 27 ივლისს დაიდო. შეთანხმების თანახმად, ქართულმა მხარემ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან პრაქტიკულად მთელი მძიმე ტექნიკა და არტილერია გამოიყვანა. ქ. სოხუმსა და რეგიონის სხვა დასახლებებში დაბრუნდა მშვიდობიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, განახლდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.4 პარალელურად რუსული და აფხაზური მხარეები აქტიურად იარაღდებოდნენ და ემზადებოდნენ ომის განახლებისათვის. 1993 წლის სექტემბერში, ყოველგვარი წინაპირობის, პროვოკაციის ან მიზეზიზის გარეშე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილების უშუალო მონაწილეობით,5 დე-ფაქტო რეჟიმის ბანდ ფორმირებებმა წამოიწყეს შეტევა, რაც ათი დღის შემდეგ ქ. სოხუმის დაცემით და აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკიდან ომამდელი მოსახლეობის 75%-ის გამოძევებით დასრულდა. მყარი მტკიცებულებები მოწმობს რომ აღნიშნულმა ფორმირებებმა, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა და რუსეთის ფედერაციის უშუალო მონაწილეობით მისივე მოქალაქეებისგან შემდგარმა „მოხალისეთა“ დანაყოფებმა სამოქალაქო პირების და სამხედრო ტყვეების მიმართ არაერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.6 ამავე დროს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამივე შეთანხმება რუსეთის ფედერაციის უშუალო წაქეზებითა და მონაწილეობით დაირღვა დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ.

სამხედრო კონფლიქტის შედეგად, დაახლოებით 400,000 ადამიანი, ე.ი. აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის ომამდელი მოსახლეობის 75%-ი გამოძევებულ იქნა საკუთარი სახლებიდან. მათ შორის უმრავლესობას (დაახ. 250,000) ეთნიკური ქართველი შეადგენდა, მაგრამ რეპრესია შეეხო ასევე სომეხებს, ბერძნებს, ესტონელებს, ებრაელებსა და უკრაინელებს.7 დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდნობის შეფასებები მერყეობს 10,000-დან 30,000-მდე.8 მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 1993 წლის შემოდგომი მოვლენები სრულმასშტაბიან ეთნიკურ წმენდად არის აღიარებული ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სახელმწიფო მეთაურთა სამიტებზე სამჯერ (ბუდაპეშტი 1994, ლისაბონი 1996 და სტამბოლი 1999) მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ. ეთნიკური წმენდა და ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლება აგრეთვე აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციით და გენერალური ასამბლეის 2008 წლის 15 მაისს მიღებული რეზოლუციით.

1994 წლის 4 აპრილს მოსკოვში ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დევნილთა დაბრუნების შესახებ9. მოლაპარაკებებს შუამავლობდნენ რუსეთის ფედერაცია და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი.

1994 წლის 15 აპრილს მოსკოვში მიღებულ იქნა დეკლარაცია ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ”. დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეების მიერ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, ასევე სამხედრო ზეწოლის გამოუყენებლობის პრინციპებს. ამავე პრინციპებს განამტკიცებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის შესახებ 1995 წლის 10 თებერვალს ქალაქ ალმათიში ხელმოწერილი მემორანდუმი.

1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის და მხარეთა დაშორიშორების შესახებ. ამ დოკუმენტით მშვიდობის შენარჩუნების ფუნქცია მიენიჭა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამშვიდობო ძალებს (რეალურად მათ შემადგენლობაში მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ნაწილები იყვნენ). სამშვიდობო ძალების მანდატში შედიოდა:

1. ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განხორციელება;

2. იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და კანონიერი დაბრუნების ხელშემწყობი პირობების შექმნა;

3. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვით.

1996 წლის 19 იანვარს დსთ-ის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთში, საქართველო კონფლიქტის დარეგულირების შესახებ.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, დსთ-ის წევრი ქვეყნები გმობენ აფხაზთა მხარის დესტრუქციულ პოზიციას, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტის მოგვარებას და ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, აღკვე-თენ კონფლიქტის ზონაში შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა თუ მოწყობილობების შეტანას, არ დაუშვებენ საკუთარი მოქალაქეების გაგზავნას კონფლიქტის ზონაში იქ მოქმედ ნებისმიერ სამხედრო ფორმირებაში მონაწილეობის მისაღებად, არ განახორციე-ლებენ სავაჭრო-ეკონომიკურ, ფინანსურ, სატრანსპორტო და სხვა ოპერაციებს აფხაზთა მხარის ხელისუფლებასთან, არ დაამყარებენ ოფიციალურ კონტაქტებს აფხაზეთის ტე-რიტორიაზე არსებული სტრუქტურების წარმომადგენლებთან ან თანამდებობის პირებ-თან.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 1993 წლიდან 2008 წლის მარტამდე პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო 38 რეზოლუცია, გაეროს გენერალურმა მდივანმა გააკეთა 70-ზე მეტი მოხსენება საქართველოს შესახებ, რომელშიც ცალსახად აღნიშნულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობა, დევნილთა დაბრუნების და ქონებრივი უფლებები. თუმცა სოხუმის დე ფაქტო და ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ახდენდნენ საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, გაეროს ძალისხმევის იგნორირებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით10.

ცხინვალის რეგიონი

საქართველოს რესპუბლიკის კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ მიიღო ქართული ენის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის. ამან გამოიწვია ანტიქართული გამოსვლების ტალღა ცხინვალის რეგიონში 1989 წლის აგვისტოში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა დაახლოებით 15 ათასმა მოქალაქემ მოაწყო საპასუხო აქცია ქალაქ ცხინვალთან. ქალაქის მისადგომებთან მათ გზა გადაუღობეს ოსმა შეიარაღებულმა პირებმა და საბჭოთა არმიის მე-8 პოლკის სამხედროებმა. შეტაკებას მოჰყვა პირველი მსხვერპლი: 6 ადამიანი დაიღუპა, 27 ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა და 140 საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. 1989 წლის ოქტომბრიდან საპროტესტო გამოსვლები გაძლიერდა.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნა ”სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად.” 1990 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეულმა უზენაესმა საბჭომ გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება ოლქის ე.წ. სამხრეთ ოსეთის დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ. მოგვიანებით 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ორი არგუმენტის საფუძველზე: 1) ოლქის შექმნა 1922 წელს მოხდა ადგილობრივი ქართული მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და საქართველოს საზიანოდ; 2) რომ დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ავტონომიური ოლქის ფარგლებში მცხოვრებ ეთნიკურ ოსთა რაოდენობას. ამავე დროს, კონფლიქტის გამომწვევ ძირითად მიზეზს შეადგენდა ერთი მხრივ საქართველოს დაუფარავი სწრაფვა გამოყოფოდა საბჭოთა კავშირს და ხოლო მეორეს მხრივ სსრკ-ს ხელმძღვანელობის მტკიცე გადაწყვეტილება არ დაეშვა საქათველოს დამოუკიდებლობა.

1991 წლის იანვრიდან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე შეყვანილ იქნა შინაგანი ჯარის ნაწილები, რამაც ბიძგი მისცა საომარი მოქმედებების დაწყებას. მცირე ინტენსივობის კონფლიქტი რამდენიმე თვეს გაგრძელდა და 1,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ორივე მხრიდან.

1992 წლის 24 ივნისს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დაიდო დაგომისის ხელშეკრულება, რომლის ძირითადი დანიშნულება იყო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, კონფლიქტის ზონა დაიყო კონტროლის ზონებად; დაფუძნდა შერეული საკონტროლო კომისია(შსკ), რომლის შემადგენლობაში შევიდა საქართველოს, ”სამხრეთ ოსეთის”, რუსეთის ფედერაციის, ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები. შსკ-ს მუშაობაში მონაწილეობდა ეუთო. ასევე შეიქმნა შერეული სამშვიდობო ძალები ქართული, ოსური და რუსული კონტინგენტის შემადგენლობით. შერეული სამშვიდობო ძალების (შსძ) სარდლად დაინიშნა რუსი გენერალი.

2004 წლამდე ორივე კონფლიქტის რეგიონში ვითარება არასტაბილური რჩებოდა. მიუხედავად რუსი სამშვიდობო ძალების ადგილზე ყოფნისა, არ წყდებოდა მკვლელობა, ადამიანთა გატაცება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატური შელახვა. პერმანენტულად ხორციელდებოდა თავდასხმები ქართულ სოფლებზე, სამოქალაქო მოსახლეობასა და სამართალდამცავ ორგანოებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით11:

• ცხინვალის რეგიონში 1992 წლიდან 2008 წლის 8 აგვისტომდე, რუსული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში საერთო ჯამში დაიღუპა 150-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და სამართალდამცავი;

• აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში 1994 წლიდან 2007 წლის ჩათვლით მოხდა 991 მკვლელობა, 294 სხეულის დაზიანება, 1527 გატაცება, 223 სახლი დაწვა, 21 გაუპატიურება, 716 თავდასხმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე.

კომისიის აზრით მოცემული სტატისტიკა ვერ იქნება სრული, ვინაიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა ამ ტერიტორიებზე მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ამავე დროს არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ თავად რუსი სამშვიდობოების ინტერესში შედიოდა მსგავსი ფაქტების დამალვა.

რუსეთის უშუალო ჩარევით, ხელისუფლებას ჩამოაცილეს საქართველოსადმი ლიბერალურად განწყობილი ლუდვიგ ჩიბიროვი. მოსკოვის დახმარებით, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას სათავეში ჩაუდგა ედუარდ კოკოითი.

 

რუსეთის ფედერაციის მხრიდან პასპორტების დარიგება

 

2002 წლიდან აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე დაიწყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭება და რუსული პასპორტების მასობრივი, ფორსირებული დარიგება. ეს პროცესი ხორციელდებოდა როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე თავად რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის დარღვევით:

პასპორტები არ გაიცემოდა საქართველოს მიერ აკრედიტებული საკონსულო დაწესებულების მიერ;

ირღვეოდა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით მოქალაქეობის მინიჭებისათვის დადგენილი ვადები.“რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ” ფედერალური კანონი12 ადგენს რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ წესებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შეღავათიანი რეჟიმი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც გააჩნდათ სსრკ-ის მოქალაქეობა, ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ იმ სახელმწიფოებში, რომლებიც შედიოდნენ სსრკ-ს შემადგენლობაში, მაგრამ არ მიუღიათ ამ სახელმწიფოების მოქალაქეობა და ამის შედაგად რჩებიან მოქალაქეობის არმქონე პირებად.

აღსანიშნავია, რომ “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად (25.03.1993) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბილიის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითვლება საქართველოს მოქალაქეებად, რადგან მათ მოქალაქეობის შესახებ კანონის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში არ განუცხადებიათ უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.

შესაბამისად აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე რუსეთის მოქალაქის პასპორტების გაცემა უკანონოა, რადგან არცერთ მათგანს არ წარუდგენია საბუთი, რომ არ მიუღია საქართველოს მოქალაქეობა.

ამავე დროს, ამგვარი პასპორტიზაცია არის რუსეთსა და ევროპის კავშირს შორის გაფორმებული ვიზების გამარტივების შესახებ ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევა. აღნიშნული შეთანხმება არეგულირებს რუსეთის ფედერაციის პასპორტების გაცემის წესს და ადგენს პასპორტების გამცემი დაწესებულებების ნუსხას, რომელშიც რასაკვირველია არ შედის სამხედრო უწყება. რუსეთის ფედერაციის ოფიციალური მონაცემებით დღეისთვის აფხაზეთის მოსახლეობა შეადგენს 220000-ს, რომლის 80% ფლობს რუსეთის პასპორტს, ხოლო “სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობა შეადგენს 100000-ს, რომლის 90% ფლობს რუსულ პასპორტს.

2004 წელი – 2008 წლის მარტი

2004 წლის მაისივნისში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საპოლიციო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში ფართოდ გავრცელებული კონტრაბანდის წინააღმდეგ. ამის შედეგად მოხდა დაპირისპირება უკანონო ფორმირებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილებს შორის. აღნიშნულმა ნაწილებმა აიღეს ორი მნიშვნელოვანი სიმაღლე ქალაქ ცხინვალის ირგვლივ – წვერიახოს და თლიაყანის. პარტნიორი სახელმწიფოების ხელშეწყობით დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რის შედეგადაც შინაგანმა ჯარმა უკან დაიხია და ზემოაღნიშნული პოზიციები გადასცა შერეულ სამშვიდობო ძალებს (მოგვიანებით ეს ტერიტორია შეთანხმების დარღვევით გადაეცა ოს ფორმირებებს). რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ერასტი კიწმარიშვილის განცხადებით, იმ დროს საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო სამხედრო მოქმედებების გაგრძელების მომხრე, თუმცა არც პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ჟვანია და არც სხვა მაღალი თანამდებობის პირები მის პოზიციას არ დაეთანხმნენ13.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების განმარტებით, იმ პერიოდში გააქტიურდა რუსეთის დაზვერვის ოფიცრების და დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების ტერორისტული და დივერსიული აქტები:

• ელექტროგადამცემი ხაზების „ქართლი-2“-ისა და „ლიახვის“ აფეთქება სოფელ შავშვებთან 2004 წლის 9 ოქტომბერს14;

აფეთქება სარკინიგზო მაგისტრალის „გრაკალი-მეტეხის“ მონაკვეთზე იმავე დღეს;

აფეთქება ნავთობსადენის რადიოსადგურზე სოფელ ჭორჭანასთან 2004 წლის 17 ნოემბერს;

• 2005 წლის 1 თებერვალს ტერაქტი გორის პოლიციის შენობასთან, რომელსაც 3 პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა.

2005 წლის 6 დეკემბერს ლიუბლიანაში გამართულ ეუთოს მინისტერიალზე ეუთოს წევრმა 55-ვე ქვეყანამ, მათ შორის, რუსეთის ფედერაციამ, მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმას.

2006 წლის ოქტომბერში აფხაზეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ტყვარჩელის რაიონიდან კოდორის ხეობის მიმართულებით ნასროლი იქნა „გრადის“ ტიპის სამი ჭურვი.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია

2006 წლის 12 ნოემბერს ცხინვალში ერთდროულად ორი რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

პირველი რეფერენდუმი და არჩევნები ჩაატარეს დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ყოფილი ავტონომიური ოლქის მხოლოდ ნაწილში. მათში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 52000-მდე ეთნიკურმა ოსმა (მათ შორის, 20000-მა ქ. ვლადიკავკაზში).

მეორე რეფერენდუმი და არჩევნები კი ყოფილი ავტონომიური ოლქის მთელ ტერიტორიას მოიცავდა და მათში მონაწილეობა მიიღო როგორც ოსმა, ისე ქართველმა 54000-მდე ამომრჩეველმა.

“ალტერნატიულ” რეფერენდუმზე მოსახლეობის 95%-მა საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე მოლაპარაკებების დაწყებას დაუჭირა მხარი, ხოლო ”პრეზიდენტად” ყოფილი ”პრემიერ-მინისტრი” და ”თავდაცვის მინისტრი” დიმიტრი სანაკოევი აირჩია.

დიმიტრი სანაკოევი იწყებს მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასთან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით. 2007 წლის მაისში პარლამენტის დადგენილებით ცხინვალის რეგიონში იქმნება დროებითი ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელად ინიშნება ბატონი სანაკოევი.

2007 წლის 11 მარტს ზემო აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საბრძოლო ვერტმფრენიდან მოხდა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის გასროლა. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა. საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის შეფასებით, სწორედ რუსეთის ფედერაციის ავიაცია შეიძლებოდა ყოფილიყო ამ შეტევის განმახორციელებელი15.

2007 წლის 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოფრინდა რუსეთის ფედერაციის ორი ბომბდამშენი (სავარაუდოდ, სუ-24 ტიპის). მათ ჩამოაგდეს „ჰაერი-მიწა“ ტიპის რაკეტა წითელუბანში (საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 65 კმ-ის დაშორებით).

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების16 მოქმედების შეჩერება რუსეთის ფედერაციის მიერ

2007 წლის 14 ივლისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით შეჩერდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების მოქმედება. მიზეზად მოყვანილ იქნა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მყისიერი ზომების მიღების საჭიროება. საფრთხედ დასახელდა პოლონეთსა და ჩეხეთში სარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგება17.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებამ საშულება მისცა რუსეთის ფედერაციას, შეენარჩუნებინა სამხედრო ბაზა გუდაუთაში, ასევე არ შეეზღუდა სამხედრო კონტინგენტი ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან. სწორედ ეს შეიარაღებული ნაწილები იქნა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დროს.

შეიარაღებული დაჯგუფების განადგურება

2007 წლის 20 სექტემბერს საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმმა კოდორის ხეობაში გაანადგურა 10-კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც გეგმავდა ზემო აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ გზაზე თავდასხმას.

ორმხრივი სროლის დროს დაიღუპნენ დაჯგუფების მეთაური და მისი მოადგილე რომლებიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იყვნენ: იგორ მუზავატკინი18 და არტურ ზორინი19.

კონფლიქტის ესკალაცია 2008 წლის მარტიდან

2008 წლის მარტიდან რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა მიზანმიმართული ღონისძიებების სპექტრმა კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია გარდაუვალი გახადა. მაგალითად:

2008 წლის 6 მარტს რუსეთის ხელისუფლება ცალმხრივად გამოვიდა დსთ-ის გადაწყვეტილებიდან ”აფხაზეთში, საქართველო კონფლიქტის დარეგულირების შესახებ”. მიუხედავად იმისა რომ ამ აქტამდეც აქტიურად ხორციელდებოდა პროტექტორატის ქვეშ მყოფი დე-ფაქტო რეჟიმების იარაღით და ცოცხალი ძალით მომარაგება, ზემოთმოყვანილი თარიღის შემდგომ აღნიშნულმა პროცესმა სრულიად ღია და დაუფარავი ხასიათი მიიღო20. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეთანხმებიდან გამოსვლა მოხდა დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს ფუნდამენტური დოკუმენტების მოთხოვნათა უგულვებელყოფით.21

2008 წლის 21 მარტს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ – დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევდა, მომხდარიყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება22.

2008 წლის 16 აპრილს პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლის საფუძველზედაც რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო პირდაპირი სამართლებრივი და დიპლომატიური კავშირების დამყარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობებთან23. აღნიშნული ფაქტი დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, ევროკავშირმა, ეუთომ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ. საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთისგან მოითხოვა აღნიშნული დეკრეტის გაუქმება, თუმცა უშედეგოდ24.

2008 წლის 20 აპრილს 10.00 საათზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შემოფრენილმა გამანადგურებელმა გალის რაიონის სოფელ გაგიდას თავზე ჩამოაგდო ქართული უპილოტო საფრენი აპარატი „ჰერმეს-450“. აგრესიის ეს ფაქტი დასტურდება საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის დასკვნით25.

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტის ზრდა26

2008 წლის 17 აპრილს 300 რუსი ჯარისკაცით დატვირთული რამდენიმე ურალ-ის ტიპის სატვირთო მანქანა ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზაზე შევიდა.

იმავე დღეს ბაზაზე შევიდა ერთი ზილ-131 ტიპის სამხედრო ავტომობილი ორი ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, ყუმბარების 15 კონტეინერით და ოთხი გაზ-66 ტიპის მანქანა სპეციალური კავშირგაბმულობის აღჭურვილობით.

2008 წლის 29 აპრილამდე აფხაზეთში რუს სამშვიდობოთა კონტინგენტი შეადგენდა დაახლოებით 2000 ჯარისკაცს. რუსეთის ფედერაციის მთავრობის მტკიცებით, 2008 წლის 4 მაისისთვის სამხედროების რაოდენობა აფხაზეთში 2500-მდე გაიზარდა, თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეთა რეალური რაოდენობა 4000-ს აღემატებოდა.

აპრილის ბოლოს 30-32 ვაგონისგან შემდგარმა ეშელონმა რკინიგზით გადაკვეთა საქართველო-რუსეთის საზღვარი მდინარე ფსოუსთან. შემოტანილ იქნა 26 ერთეული შენიღბული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, დესანტის საბრძოლო მანქანები (БМД), D-30 ტიპის ჰაუბიცები და სხვა.

ეშელონში დამატებით შედიოდა ნოვოროსიისკის სამხედრო ბაზის ჯარისკაცებით დატვირთული ოთხი სამგზავრო ვაგონი. შემოტანილი ჯავშანტექნიკა ოჩამჩირეში გადმოიტვირთა. ჯარისკაცებისა და შეიარაღების ერთი ნაწილი ტყვარჩელის რაიონში გაიგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი – გალის რაიონში.

სადესანტო დანაყოფის დისლოცირება აფხაზეთის ტერიტორიაზე

აფხაზეთში დამატებით შეყვანილი სამშვიდობო ძალები შედგებოდა ფსკოვისა და ნოვოროსიისკის სადესანტო დივიზიების მებრძოლებისაგან, რომელთა რაოდენობა 545-ს შეადგენდა. მათ შეიარაღებაში იყო 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებით აკრძალული საარტილერიო დანადგარები. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა გამოცემა „კრასნაია ზვეზდამ“ 2008 წლის 9 ივლისს.

კონფლიქტის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო კონტინგენტის გაზრდა მკვეთრად უარყოფითად იქნა შეფასებული27.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჩეჩნური შენაერთის“ შემოსვლა

იმავე პერიოდში აფხაზეთში შემოყვანილ იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ბატალიონ „ვოსტოკის“ დაახლოებით 250 ჩეჩენი მებრძოლი, რომლებმაც პატრულირება დაიწყეს გალის რაიონის სოფლებთან: გუდავა, პრიმორსკი, მეორე ოტობაია და სიდა. მაისში იმავე ბატალიონის დამატებითი მებრძოლები განლაგდნენ ცხინვალის მახლობლად, წვერიახოს მთაზე.

აპრილ-ივნისის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთში დამატებით შეიტანა: 3 „ბუკ“-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსი; 40 D-30 ტიპის ჰაუბიცა; 10 BM-21 „გრადის“ სისტემა; 20 ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხი; 120 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა; 2 ვერტმფრენი MI-24.

აღნიშნული ტექნიკის მომსახურებისათვის აფხაზეთში ჩავიდნენ: 50 ავიაციის სპეციალისტი; 30 სამხედრო ექსპერტი; 100 კომუნიკაციისა და საჰაერო თავდაცვის ექსპერტი.

ახალი საკონტროლოგამტარი პუნქტების მშენებლობა

2008 წლის 1 მაისს ახალი უკანონო საკონტროლო-გამტარი პუნქტები საჩქაროდ გაიხსნა თითქმის ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაზე ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში, მათ შორის, ნაკარღალთან, არასაძიხსა და აკარმარასთან.

1994 წლის შეთანხმების დარღვევით, რუსეთი საშუალებას არ აძლევდა ქართველ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, ჩაეტარებინათ ახალი პუნქტების მონიტორინგი, ასევე გუდაუთაში მდებარე ბომბორას სამხედრო ბაზის ინსპექტირება.

პუტინის განკარგულებით მაისში გააქტიურდა ჯარების შეყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე28. ევროპის პარლამენტის წევრებმა გააკრიტიკეს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთში სამხედრო ძალის მობილიზაციის ფაქტი29.

საინჟინრო სამხედრო ნაწილების შეყვანა

2008 წლის 31 მაისს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთში შეიყვანა სარკინიგზო ჯარების ვოლგოგრადის 76-ე შენაერთი 400 სამხედროს შემადგენლობით. აღნიშნულმა ძალებმა დაიწყეს სარკინიგზო პლატფორმების მომზადება ოჩამჩირემდე რუსეთიდან სამხედრო აღჭურვილობისა და სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისთვის.

რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ომისთვის მზადებაში ადანაშაულებდა, მაშინ, როდესაც თავად ამზადებდა ინფრასტრუქტურას სამხედრო აგრესიისთვის30. ივნისისთვის რუსეთის ფედერაციის დახმარებით ბომბორას ბაზაზე შეკეთდა სამი დიდი ყაზარმა და ინფრასტრუქტურა სამხედრო თვითმფრინავებისა და სხვა სახის ტექნიკის მისაღებად.

2008 წლის 6 ივნისს დაფიქსირდა გუდაუთაში, ბომბორას სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე სუ-25 და სუ-27 ტიპის გამანადგურებლის საბრძოლო მდგომარეობაში გამოჩენა.

უკანონო შეიარაღების დაკავება

2008 წლის 17 ივნისს ქართულმა პოლიციამ დააკავა სამხედრო ტვირთი, რომელიც ძირითადად შედგებოდა 20 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტისგან, რომლებიც რუს სამშვიდობოებს ფარულად გადაჰქონდათ ზუგდიდის ბაზაზე, მათი წარმოშობის ან დანიშნულების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაციის გარეშე.

2008 წლის 1 ივლისს, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოჭის პორტიდან გაგრის მიმართულებით გავიდა გემი 250-კაციანი ეკიპაჟით31.

რუსული შეიარაღება კონფლიქტის რეგიონებში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ პერიოდისათვის როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული იყო რუსული რეგულარული არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი. აფხაზეთში რუსული სამხედრო შენაერთები ძირითადად განლაგებული იყვნენ შემდეგ სამხედრო ბაზებზე: ბომბორას სამხედრო ბაზა, ოჩამჩირის სამხედრო ბაზა, ოხურეის სამხედრო ბაზა, სოხუმის სამხედრო ბაზა. რუსული ნაწილები ასევე იდგნენ ლათაში, წებელდაში, აკარმარასა და ბაბუშერაში. აქ იგულისხმება როგორც ჯარისკაცები, ისე სამხედრო ტექნიკა, სამხედრო ავიაციის ჩათვლით32.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონფლიქტის რეგიონებში სამხედრო კონტიგენტის გაზრდამ კონქლიტის დაწყებამდეც რუსეთის სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე გამოკვეთილად საოკუპაციო ხასიათი შესძინა. ზემოთაღწერილი მოქმედებების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მკვეთრად უარყოფითი იყო.33

2008 წლის ივლისიდან ცხინვალის რეგიონში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. 3 ივლისს მოხდა თავდასხმა ცხინვალის რეგიონის შემდგომში დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დიმიტრი სანაკოევზე, რის შედეგადაც სამი პოლიციელი დაშავდა.

8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ვიზიტის დღეს, ოთხმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე, თუმცა ამჯერად აღნიშნული ფაქტი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა34. ამ ფაქტის აღიარებით რუსეთის ფედერაციამ შეამოწმა, თუ რამდენად მწვავე იქნებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრის უნებართვოთ დარღვევის ფაქტზე. სამწუხაროდ პარტნიორები მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლნენ, რაც რუსეთის ფედერაციამ მწვანე შუქად მიიჩნია მომავალში კიდევ უფრო რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად.

სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კავკასიაში35

2008 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში მიმდინარეობდა ბოლო 20 წლის განმავლობაში უპრეცედენტო, ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნები „კავკასია-2008“. ფსკოვისა და ნოვოროსიისკის სადესანტო ნაწილები წვრთნებს ატარებდნენ როკისა და მამისონის უღელტეხილებთან, უშუალოდ რუსეთ-საქართველოს საზღვართან.

აღნიშნულ წვრთნებში მონაწილეობა მიიღო 8000-მა ჯარისკაცმა და 700-მა ერთეულმა ჯავშანტექნიკამ ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქიდან: სადესანტო ნაწილებმა; საჰაერო ძალების ნაწილებმა; ჰაერსაწინააღმდეგო ნაწილებმა; შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ფლოტებმა; უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა; შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანმა ჯარებმა. წვრთნების პარალელურად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დარიგდა ანტიქართული ბროშურები წარწერით „იცნობდე შენს მტერს“36. სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ მათში მონაწილე სამხედრო ნაწილები არ დაბრუნებულან დისლოკაციის ადგილებზე.

სამშვიდობო ინიციატივები

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების, მათი მოგვარების დინამიკის და მხარეთა მიდგომების გასააზრებლად მნიშვნელოვანია განვიხილოთ 1990-იანი წლებიდან დღემდე წარმოდგენილი ძირითადი სამშვიდობო წინადადებები და მათ მიმართ მხარეთა დამოკიდებულება.

ბოდენის დოკუმენტი

2002 წელს მოლაპარაკებების პროცესის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ხელშეწყობით, გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დიტერ ბოდენმა წარმოადგინა დოკუმენტი „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპები“37. ამ დოკუმენტის მიხედვით, თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნებოდა აფხაზეთის ფართო ავტონომიას ერთიანი საქართველოს ფარგლებში. აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი პრინციპებია:

1. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. დაუშვებელია საქართველოს საზღვრების შეცვლა, რომლებიც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით.

2. საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთი სუვერენული ერთეულია. მას აქვს განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი.

3. თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა უნდა მოხდეს კონსტიტუციური ძალის მქონე ფედერალური შეთანხმებით. დაუშვებელია ამ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ორივე მხარის თანხმობის გარეშე.

4. უფლებამოსილებათა გამიჯვნის შედეგად აფხაზეთის ავტონომიის ფარგლები უნდა იყოს უფრო ფართო, ვიდრე ეს იყო 1992 წელს.

5. საქართველოს და აფხაზეთის კონსტიტუციები უნდა შეიცავდეს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიებს, რომელიც გამორიცხავს ეროვნული უმცირესობების დისკრიმინაციას. როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის კონსტიტუციამ ხელი უნდა შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების აბსოლუტური უფლების განხორციელებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით.

6. საქართველოს სახელმწიფო და აფხაზეთი უნდა შეთანხმდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნაზე, რომელიც იხელმძღვანელებს საქართველოს და აფხაზეთის კონსტიტუციებით და ფედერალური შეთანხმებით „საქართველოსა და აფხაზეთს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“.

გაეროს უშიშროების საბჭომ ამ დოკუმენტის დასრულება მნიშვნელოვან, პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნია აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის თვალსაზრისით38. სამწუხაროდ, აფხაზურმა მხარემ აღნიშნული დოკუმენტის ირგვლივ დიალოგის გამართვაზე კატეგორიული უარი განაცხადა39.

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის ახალი მიდგომის ძიების მიზნით საქართველოს ძალისხმევა 2004 წლის დასაწყისიდან გააქტიურდა. საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო პარტნიორებმა წამოაყენეს რიგი სამშვიდობო ინიციატივებისა. ყველა წინადადება უარყოფილი იქნა რუსეთის ფედერაციის და პროტექტორატის ქვეშ მყოფი დე-ფაქტო რეჟიმების მიერ.

 

1. საქართველოს მთავრობის ინიციატივა ე. წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით40

 

2005 წლის მარტში ქართულმა მხარემ წამოაყენა ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების პროექტი. იმავე წელს ლიუბლიანაში გამართულ ეუთოს მინისტერიალზე წარმოდგენილ გეგმას მხარი დაუჭირა ეუთოს წევრმა ყველა სახელმწიფომ, მათ შორის, რუსეთის ფედერაციამ.

აღნიშნული სამშვიდობო წინადადებებით საქართველოს მთავრობა ცხინვალის რეგიონს საბჭოთა პერიოდთან შედარებით ბევრად უფრო ფართო ავტონომიას სთავაზობდა.

დოკუმენტი კონკრეტულად ითვალისწინებდა:

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ფართო ავტონომიას;

რეგიონის მოსახლეობის მიერ რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების პირდაპირ არჩევას;

განათლების ოსურ ენაზე მიღების შესაძლებლობას;

რეგიონის ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრის უფლებას, ადგილზე არჩეულ ხელისუფლებას;

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების შტოებში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის საკონსტიტუციო გარანტიას;

ქონების რესტიტუციის თაობაზე კანონის მიღებას, რომელიც 1989–1992 წლებში ცხინვალის რეგიონში სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციას განსაზღვრავდა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა41.

 

ამ გეგმის განხორციელებაც შეუძლებელი აღმოჩნდა ისევ რუსეთის ფედერაციის უარყოფითი პოზიციის გამო.

2. აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების ”საგზაო რუკა”42

 

2006 წლის ივნისსი ქართული მხარის მიერ აფხაზეთში კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით შემუშავდა და წარდგენილ იქნა ”საგზაო რუკა.”

წარმოდგენილი გეგმა ეფუძნებოდა შემდეგ პრინციპებს:

ფედერალური საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიას, აფხაზეთის წარმომადგენლობას ცენტრალურ ხელისუფლებაში, აფხაზური ენის, კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის სრული დაცვა;

დევნილების დაბრუნებას;

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის და ნდობის აღდგენას;

საერთაშორისო მათ შორის რეგიონული ორგანიზაციების ჩართვას;

აფხაზეთში ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას, ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს.

 

3. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე (2006 წელი)

 

2006 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე ნიუ-იორკში წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ახალი გეგმა. წინადადებათა პაკეტში შედიოდა:

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაცია. დემილიტარიზაციის პროცესი მხარდაჭერილი უნდა ყოფილიყო გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის აქტიური მონაწილეობით;

ორივე კონფლიქტის რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო საპოლიციო ნაწილის ჩაყენება;

კონფლიქტების რეგიონების ეკონომიკის რეაბილიტაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით;

მხარეებს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება.

 

ამავე დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ გეგმა რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობით და მისი აქტიური მონაწილეობით განხორციელებულიყო.

 

4. 2007 წლის მემორანდუმი

 

2007 წლის მარტში ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის მხარეს შესთავაზა მემორანდუმის პროექტი. ამ დოკუმენტის მიზანი იყო ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის სრული და საბოლოო პოლიტიკური მოგვარების მიღწევა. იგი ითვალისწინებდა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას და მოლაპარაკებათა პროცესის დაჩქარებას. მემორანდუმზე ხელის მოწერა კვლავ რუსეთის ფედერაციის უარყოფითი პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.

5. 2008 წლის აპრილის ინიციატივები

 

2008 წლის აპრილში საქართველოს პრეზიდენტმა წამოაყენა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ფართო და თანამიმდევრული სამშვიდობო გეგმა.

პოლიტიკური წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს დონეზე:

საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზურ მხარეს შესთავაზა პოლიტიკური უფლებების ინსტიტუციონალიზაცია:

საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება, რომელიც შეიქმნება სპეციალურად აფხაზეთის წარმომადგენლობისთვის;

პარლამენტში, სამინისტროებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში თანამდებობის დაკავების უფლება.

აფხაზეთთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე ვეტოს დადების უფლება: აფხაზეთის წარმომადგენლებს გარანტირებული ექნებათ ყველა იმ საკითხზე ვეტოს დადების უფლება, რომელიც ეხება:

აფხაზეთის კონსტიტუციურ სტატუსსა და უფლებებს;

აფხაზეთის კულტურის, ენისა და ეთნიკურობის დაცვის საკითხს.

გარანტირებული უფლება კულტურისა და განათლების თავისუფლებაზე:

აფხაზ მოსახლეობას ექნება სრული თავისუფლება და მხარდაჭერა აფხაზური კულტურის, ენისა და ეროვნულობის გასავითარებლად.

თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთობლივი დაფუძნება:

აღნიშნული ზონა განთავსდება გალში და გავრცელდება კონფლიქტის სხვა ზონებზე, მათ შორის, ოჩამჩირის პორტზე. ამ ზონებს გააკონტროლებენ აფხაზი და ქართველი უფლებამოსილი პირები, სხვა პირებისა და მხარეების ჩარევის გარეშე.

საერთაშორისო გარანტიები ფედერალიზმის, ფართო ავტონომიისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის წარმომადგენლობას უსაფრთხოების სრული გარანტიები შესთავაზა და საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნული გარანტიების დაცვის მექანიზმების შემუშავებისკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, ჩამოშორდეს აღნიშნულ კონფლიქტს, როგორც მხარე, და გახდეს ამ ურთიერთობების ისეთივე მედიატორი, როგორიც საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები არიან.

წარმოდგენილი გეგმის ეფექტიანად განხორციელებს მიზნით, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმაზე სამუშაოდ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინისტრების დონეზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღნიშნულ ჯგუფში, რომლის მიზანი იყო კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება, შედიოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

6. 2008 წლის ივნისის ინიციატივა

 

2008 წლის 23 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე ვიზიტით ეწვია მოსკოვს, სადაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართული წინადადებების პაკეტი წარუდგინა. იგი ითვალისწინებდა:

რუსი სამშვიდობოების დისლოკაციის ადგილის გადატანას მდინარე კოდორის გასწვრივ;

ოჩამჩირის და გალის რაიონებში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას;

აღნიშნულ რაიონებში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას;

ურთიერთნდობის აღდგენისკენ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელებას;

პოლიტიკურ სტატუსზე დიალოგის გამართვას.

წინა შემთხვევების მსგავსად, რუსეთის ფედერაციის რეაქცია ამ წინადადებების მიმართაც უარყოფითი იყო.

 

7. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა

2008 წლის ივლისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა წარმოადგინა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა. გეგმა ითვალისწინებდა ძალის გამოყენებაზე უარის თქმას, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თაობაზე შეთანხმებას, ნდობის აღდგენისკენ მიმართულ პრაქტიკულ პროექტებს და მომავალში კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას მოლაპარაკების გზით. რუსულმა და დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ივლისის ბოლოს ამ გეგმასთან დაკავშირებულ შეხვედრაში მონაწილეობაზე და მისი 2008 წლის სექტემბერში გადატანა მოითხოვეს.

8. ეუთოს შემოთავაზება

2008 წლის ივლისის ბოლოს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ალექსანდერ სტუბმა მხარეებს შესთავაზა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება ჰელსინკიში აგვისტოს დასაწყისში. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა კვლავ უარი განაცხადეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით ქართული მხარე ცდილობდა პირდაპირი ურთიერთობა და ინტენსიური კომუნიკაცია დაემყარებინა როგორც აფხაზურ, ისე ოსურ მხარესთან. ამის მაგალითია საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტატუსით დავით ბაქრაძის ვიზიტი ქალაქ სოხუმში43 და მოლაპარაკებები დე-ფაქტო რეჟიმის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან. შეხვედრის შემდეგ ბატონმა ბაქრაძემ გამოთქვა იმედი, რომ მოხდებოდა პოზიციების დაახლოება, თუმცა ხელშესახები შედეგი არ დამდგარა. 2008 წლის მაისში გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია სოხუმში სერგეი ბაღაფშს შეხვდა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ეს იყო დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის მზადყოფნის მაგალითი44. „მიუხედავად მთელი რიგი ძალიან სერიოზული მორალური და პოლიტიკური პრობლემებისა, რომელიც ახლავს იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც პასუხისმგებელია ეთნიკურ წმენდაზე, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვიყავით და ვაწარმოებდით მათთანაც მოლაპარაკებებს, რათა მოგვეძებნა მათთვისაც მისაღები გზები და კონფლიქტის მოგვარების პროცესი წინ წაწეულიყო“45.

15-17 ივნისს შვედეთის ინიციატივითა და ხელშეწყობით და ევროკავშირის მხარდაჭერით შედგა შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს46 და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს47 შორის48. შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ ყოველგვარ შეთანხმებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ბოკერიას49 განცხადებით, აფხაზური მხარის გზავნილი მდგომარეობდა შემდეგში - მათ არ სურთ მოლაპარაკებებზე წასვლა შემდეგი მიზეზების გამო:

• რუსეთი ახლოს არის და ”ტანკებით დგას”, ხოლო დასავლეთი შორია და ილუზორული;

რუსეთიდან ფინანსები რეალურად შემოდის და ხარჯვაზე კონტროლი არ ხორციელდება, ხოლო დასავლური დახმარება გულისხმობს ანგარიშვალდებულებას და ხარჯვაზე მონიტორინგს;

ამ შემთხვევაში მათ არ უწევთ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების კონტოლი დასავლეთის მიერ თავსმოხვეული წარმომადგენლობით დემოკრატიის ფორმით და სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების დაცვაზე ფიქრი.

კომისიის სხდომაზე მოწვეული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ როგორც აფხაზებთან, ისე ოსებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარების სირთულეზე. კომისიის მიერ შესწავლილი ფაქტები ნათლად ადასტურებს, რომ არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებს არ გააჩნიათ დამოუკიდებელი პოზიცია და სრულიად კონტროლდებიან რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მხრიდან. ამის მკაფიო მაგალითია შემდეგი ფაქტი - დე-ფაქტო ხელისუფლების საკვანძო თანამდებობებზე პირდაპირ გამწესებული იყვნენ რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა დონის ოფიციალური პირები.50

 

რუსეთის ფედერაციის და დე-ფაქტო რეჟიმების პოზიცია

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა გიორგი ბოკერიამ და გრიგოლ ვაშაძემ კომისიის მოსმენაზე განაცხადეს, რომ არც რუსეთის და არც რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან კონფლიქტების მშვიდობიანად მოსაგვარებისათვის კონკრეტული ინიციატივა არ ყოფილა შემოთავაზებული.

კომისიამ განიხილა 2006 წელს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის ზეპირი შემოთავაზება „მომავლის გასაღები.“ დოკუმენტი ითვალისწინებს:

• „საქართველოს მხრიდან ბოდიშის მოხდას წარსული შეცდომებისათვის“;

აფხაზეთზე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლაზე უარის თქმას;

სამშვიდობო და ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმების გაეროს უშიშროების საბჭოს გარანტიით ხელმოწერას;

უარს ეკონომიკური საკითხების პოლიტიზაციაზე, განსაკუთრებით რკინიგზის რეაბილიტაციის პროექტზე (უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხარე თანახმა იყო რკინიგზის ამ მონაკვეთის აღდგენაზე. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა მხარეებს შორის შეთანხმების სახით.51 სამწუხაროდ, ეს იდეა ისევ აფხაზური მხარის გაურკვეველი პოზიციის გამო ვერ განხორციელდა).52

აღნიშნული ინიციატივის მიმართ ძირითადად ორგვარი კრიტიკა დაფიქსირდა. ერთის მხრივ, წინადადება ფაქტობრივად უგულებელყოფდა დევნილების დაბრუნების საკითხს. ამავე დროს, დოკუმენტი ეფუძნებოდა აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობის პრინციპს. აშკარაა, რომ სტატუსის საკითხის წინა პლანზე წამოწევა შეუძლებელს ხდიდა ამ გეგმის განხორციელებას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საქართველოს მიერ შემოთავაზებული, ისე ე. წ. შტაინმაიერის გეგმა სტატუსის საკითხს სამშვიდობო პროცესის მხოლოდ ბოლო ეტაპზე აყენებდა.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაყენებული ერთადერთი მოთხოვნა იყო ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ახალი დოკუმენტის ხელმოწერა. სწორედ ამას გულისხმობდა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ერასტი კიწმარიშვილი კომისიის წინაშე ე. წ. „ალასანიას სამშვიდობო წინადადებაზე“ საუბრისას. მისი ინფორმაციით, ეს დოკუმენტი მომზადდა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიას შეხვედრისას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშთან53. დოკუმენტის სხვა ასპექტებზე ინფორმაცია ბატონმა კიწმარიშვილმა ვერ წარმოადგინა. კომისიამ გამოარკვია, რომ საუბარი შეეხებოდა არა რაიმე კონკრეტულ, თანამიმდევრულ გეგმას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ბოკერიას განცხადებით,54 უკვე დიდი ხანია, ისედაც მოქმედებდა ცეცხლის შეწყვეტის და განუახლებლობის რეჟიმი მხარეების მიერ დადებული რიგი შეთანხმებების საფუძველზე, როგორც აფხაზეთის55, ისე ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში.56 ქართული მხარე ახალი შეთანხმების დადებას უკავშირებდა უკვე არსებული შეთანხმებების შესრულებას, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, დევნილების დაბრუნების საკითხს და, მეორე მხრივ, დევნილების უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას რუსეთის ფედერაციის მიერ.

როგორც ჩანს რუსეთში მაღალ თანამდებობის პირებს არ სურთ კონფლიქტის მოგვარება, ვინაიდან საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში ვერ განხორციელდება ”გათიშე და იბატონეს” პრინციპით რეგიონზე გავლენის შენარჩუნება.2008 წლის ზაფხულიდან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესში ევროკავშირი უპრეცედენტო მასშტაბით ერთვება. ამის დასტურია სამშვიდობო მისიით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარის ხავიერ სოლანას ვიზიტი ბათუმსა და სოხუმში57, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანც ვალტერ შტაინმაიერის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა. ამ დოკუმენტზე მოლაპარაკების დაწყების მიზნით მინისტრი ჩადის ჯერ თბილისში და შემდეგ შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელს სერგეი ბაღაფშს. კომისიის დასკვნით, ზემოთ აღნიშნული პოზიტიური დინამიკა დააჩქარებდა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას, რაც შედიოდა კიდეც საქართველოს ინტერესებში. 2004 წლიდან საქართველოს პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს კონფლიქტში ევრო კავშირის ფართოდ ჩართვა წარმოადგენდა. რუსეთის ფედერაციამ ევროკავშირის როლის ზრდა, კონფლიქტურ რეგიონებზე საკუთარი კონტროლის დაკარგვად მიიჩნია და შესაბამისად მიზნად დაისახა ამ პროცესის შეფერხება და შემდეგ სრულიად ჩაშლა, მათ შორის სამხედრო აგრესიისა და ამ რეგიონებში სამხედრო კონტიგენტის ზრდით.

აგრესიის წინა პერიოდი

28 ივლისს ოსურმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს ეუთოს დამკვირვებლებს და მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც სოფელ ჩორბაულის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ58.

29 ივლისს, საომარი მოქმედებების დაწყებამდე, ოსურმა ფორმირებებმა დაიწყეს იმ სოფლების დაბობვა, სადაც ეთნიკურად შერეული მოსახლეობა ცხოვრობდა. მათ ასევე დაბომბეს ქართველი მშვიდობისმყოფელები და მათი საკონტროლო პუნქტები. დაბომბვა ხორციელდებოდა აკრძალული იარაღით – მსხვილკალიბრიანი არტილერიით. იმავე დღეს ანძისის გზაზე ოსურმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს ეუთოს დამკვირვებლებს, რომლებიც მშვიდობისმყოფელებთან ერთად მუშაობდნენ59.

1 აგვისტოს ცხინვალთან ახლოს (ერედვი–ხეითის გზაზე) ხუთი პოლიციელი დაშავდა სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად. იმავე დღეს ოსურმა ფორმირებებემა ცეცხლი გახსნეს ქვემო ნიქოზში, ზემო ნიქოზში, ავნევში, ერგნეთსა და ერედვში ქართველი პოლიციელების და მშვიდობისმყოფელების მიმართულებით. სოფელ ნულში ერთი ადამიანი დაშავდა და უამრავი სახლი დაზიანდა. ქართულმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, თუმცა ოდნავ მოგვიანებით, ბრძანების საფუძველზე სროლა შეწყვიტა60.

2 აგვისტოს, ქართული სოფლების მიმართულებით სროლის დროს, ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დაშავდა61.

3 აგვისტოს დე-ფაქტო რეჟიმმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია ცხინვალიდან და მიმდებარე სოფლებიდან. ევაკუაცია ორ დღეს გაგრძელდა. რუსული უფლებადაცვითი ორგანიზაცია მემორიალის ინფორმაციით სამოქალაქო მოსახლეობის უმრავლესობამ ქალაქი დატოვა.62

4 აგვისტოს, გვიან ღამით, ოსურმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს სარაბუკის სიმაღლეზე განლაგებულ ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოს, რის შედეგადაც 2 ჯარისკაცი დაიჭრა.

კონფლიქტის ზონაში დაგომისის ხელშეკრულებით აკრძალული იარაღის (80 მმ კალიბრზე მსხვილი არტილერიის) გამოყენებას შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალი მარატ კულახმეტოვიც ადასტურებს63.

5 აგვისტოს სოფელ უბიათიდან ოსურმა ფორმირებებმა 3 ყუმბარა ესროლეს სოფელ ნულში საქართველოს პოლიციის საგუშაგოს.

4-5 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებს ჟურნალისტების და დიპლომატების ჯგუფი ეწვია. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ამ ვიზიტის მიზანი იყო, ენახათ ოსური ფორმირებების საარტილერიო შეტევით გამოწვეული ზიანი და გაეფრთხილებინათ ისინი კონფლიქტის კრიტიკულ წერტილამდე ესკალაციის შესახებ64.

6 აგვისტოს, ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდა დაახლოებით 150 მოხალისე. ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებები იტყობინებოდნენ, რომ ცხინვალის სამხედრო ბაზის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები განთავისუფლებულ იქნენ, ასევე დაიხურა მაღაზიები.

დაახლოებით 16.00 საათზე სოფლებიდან: ფრინევი, უბიათი და ხეთაგუროვო ოსმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს – ერედვს, ფრისს, ნულს და ავნევს65.

საარტილერიო დაბომბვა შუაღამემდე გაგრძელდა. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

თვითმხილველების ჩვენებები ემთხვევა მონიტორინგის ჯგუფის მიერ 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშს. აღნიშნული ჯგუფი შედგებოდა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებისგან და რფ-ის სამშვიდობო ნაწილის წარმომადგენლებისგან. აღნიშნულ მოხსენებას ხელი მოაწერა რეგიონში რუსი შსძ სარდალმა, გენერალმა მარატ კულახმეტოვმა, რომელმაც დაადასტურა ცხინვალის რეგიონში ქართულ სოფლებზე თავდასხმის და დაგომისის ხელშეკრულებით აკრძალული დაბომბვის ფაქტები. მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაბომბვის დროს ოსური ფორმირებები იყენებდნენ იარაღს, რომელიც 1992 წელს აიკრძალა.

ოსური ფორმირებების მიერ ქართული სოფლების დაბომბვას ადასტურებს რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია66 და რუსული უფლებადაცვითი ორგანიზაცია „მემორიალი“. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ორლოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ჯარები ესროდნენ ქართულ სოფლებში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას. სროლები მიმდინარეობდა ცხინვალში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგების ადგილებიდან67.

6 აგვისტოს საღამოს საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს დაუკავშირდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა პრეზიდენტების სატელეფონო კომუნიკაციაზე, იმ მოტივით, რომ პირველი პირების საუბარი ჯერ მომწიფებული არ იყო კომისიის აზრით ეს იყო ბოლო შანსი სამხედრო ეკალაციის თავიდან არიდებისა, რაზეც რუსულმა მხარემ უარი განაცხადა.

საომარი მოქმედებები

7 აგვისტოს, დაახლოებით 00.00 საათიდან გააქტიურდა საარტილერიო დარტყმა სოფლებზე: ერედვი, ფრისი და ვანათი. იმავე დროს დაიწყო სარაბუკის სიმაღლეებზე შეტევა, რის შედეგადაც სამი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიჭრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით დასტურდება ინფორმაცია დილის 3.30 საათისათვის საქართველოს ტერიტორიაზე რუსული რეგულარული არმიის მასობრივი შემოსვლის შესახებ. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ საქართველოს სამხედრო ძალების საპასუხო მოქმედებამდე 20 საათით ადრე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს როკის გვირაბი და შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს ვინმე გასიევსა და „საზღვრის დაცვის უწყების“ მეთაურს შორის და ეხება რუსეთის ჯარების გადაადგილებას ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აშშ–ის შესაბამისმა ოფიციალურმა ორგანოებმა დაადასტურეს აღნიშნული ჩანაწერების ნამდვილობა68.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერაციამ საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ფაზამდე საქართველოს ტერიტორიაზე მასიურ სამხედრო შემოსვლას არ უარყოფს. რუსი ოფიციალური პირები ამტკიდებენ, რომ ჩანაწერში საუბარია რუსი სამშვიდობო ჯარების გეგმიურ როტაციაზე. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ დროისთვის მოქმედი დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე, ნებისმიერი მსგავსი ტიპის გადაადგილება უნდა მოხდეს დღის სინათლეზე, რის შესახებაც მინიმუმ ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს შსკ-ის ყველა მხარეს - საქართველოს მთავრობის შესაბამის წარმომადგენელს და ეუთოს.

11.00 საათისთვის ოსურმა ბანდ ფორმირებებმა განაახლეს საარტილერიო შეტევა ქართული სოფლების (ნული, ავნევი, ვანათი) მიმართულებით. სამი ქართველი პოლიციელი დაშავდა. ქართველებმა ორი ოსური ფორმირების წარმომადგენელი მოკლეს.

დაახლოებით 13.00 საათზე საგურამოში გაიმართა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზედაც შინაგან საქმეთა მინისტრმა საბჭოს წევრებს მოახსენა საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით რუსული რეგულარული არმიის შემოსვლის თაობაზე.

დაახლოებით 14.00 საათზე ხეთაგუროვოდან დაიბომბა ქართველი მშვიდობისმყოფელების საკონტროლო პუნქტი ავნევში. ამის შედეგად ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი და რვა მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა69.

დაახლოებით 14.00 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით რუსული რეგულარული არმიის ჯავშანტექნიკის შემოსვლის თაობაზე.

დაახლოებით 14.00 საათზე საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსეთის დამატებითი რეგულარული არმია მზად იყო და ელოდებოდა საქართველოს მიმართულებით წამოსვლის ბრძანებას.

ამავე პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან შეთანხმებით, გაერთიანებული შტაბის უფროსის, ზაზა გოგავას ბრძანებით, ოსური ფორმირებების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმების შესაჩერებლად დაიწყო ქართული შეიარაღებული ნაწილების და არტილერიის გადაყვანა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან70.

7 აგვისტოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი71, თემურ იაკობაშვილი ჩავიდა ქალაქ ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად. ქართული მხარის განცხადებით, ეს შეთანხმება ჯერ კიდევ 5 აგვისტოს მოხდა, თუმცა ბოლო მომენტში ოსურმა მხარემ უარი განაცხადა შეხვედრაზე72 და მისი გადადების შესაძლებლობაზე მიუთითა. ცხინვალში ის შეხვდა შსძ სარდალს, გენერალ მარატ კულახმეტოვს73. ბატონი იაკობაშვილის ინფორმაციით, გენერალმა განუცხადა, რომ ოსური ფორმირებების წარმომადგენლები მას არ ემორჩილებიან და საარტილერიო შეტევას სამშვიდობო ნაწილის სიახლოვიდან ახორციელებენ, "стреляют из подтишка”74. სამშვიდობოების სარდლის თქმით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება ვერც კოკოითთან და ვერც ჩოჩიევთან. რუსეთის ფედერაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოპოვმა საბოლოოდ მოახერხა კოკოითთან საუბარი. ეუთოს ანგარიში მოწმობს, რომ პოპოვი შეეცადა ოსური მხარე სასწრაფო შეხვედრის აუცილებლობაში დაერწმუნებინა, თუმცა უშედეგოდ75. ამ შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით 16.00 საათზე, კულახმეტოვმა შესთავაზა იაკობაშვილს, რომ საქართველოს მთავრობას გაეკეთებინა განცხადება ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ76.

17.00 საათზე იაკობაშვილმა დაურეკა გენერალ კულახმეტოვს და მოახსენა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის თაობაზე. 18.40 საათზე იაკობაშვილმა გამართა პრესკონფერენცია და მოსახლეობას მოახსენა მთავრობის გადაწყვეტილებების შესახებ.

19.10 საათზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელევიზიით გააკეთა განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდა. ამის შემდეგ კონფლიქტის ზონაში ცეცხლი შეწყდა.

20.30 საათზე ხეთაგუროვოდან დაიწყო ავნევის დაბომბვა. დე-ფაქტო რეჟიმის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ანატოლი ბარანკევიჩმა ადგილობრივი ტელევიზიით განაცხადა, რომ კაზაკთა შეიარაღებული ფორმირებები მოემართებოდნენ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, რათა დახმარებოდნენ ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში.

7 აგვისტოს დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა სიტუაციის უკიდურესად ესკალაციის შესახებ ლიტვის პრეზიდენტ ადამკუსს, პოლონეთის პრეზიდენტ კაჩინსკის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბილდტს და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს სხეფერს.

დაახლოებით 22.00 საათზე ოსურმა ფორმირებებმა ცეცხლი გახსნეს სოფლების – ფრისის და თამარაშენის მიმართულებით. ცეცხლის გახსნის ფაქტს მოწმობს ეუთოს დამკვირვებლების მიერ 8 აგვისტოს წარმოდგენილი ანგარიში77.

23.30 საათზე ოსურმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველი მშვიდობისმყოფელების ყველა საკონტროლო პუნქტს ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიებზე (სოფლებში – თამარაშენში და ქურთაში). ქურთაში პოლიციის განყოფილება სრულად განადგურდა.

23.30 საათზე საქართველოს მთავრობამ მიიღო ინფორმაცია დამატებით 150 ერთეული ჯავშანტექნიკის რუსეთის ფედერაციიდან როკის გვირაბის გავლით, ცხინვალის მიმართულებით შემოსვლის შესახებ.

23.35 საათზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ზაზა გოგავა საქართველოს პრეზიდენტისაგან იღებს ინფორმაციას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გაერთიანებული შტაბის უფროსს აძლევს შემდეგ ბრძანებას:

შეჩერდეს რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე;

ჩახშობილ იქნეს ცხინვალის რეგიონში არსებული საცეცხლე წერტილები, საიდანაც ხდება ქართული სოფლების დაცხრილვა;

უზრუნველყოფილ იქნეს რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოება.

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა პირველად – რუსეთის და ოსური ფორმირებების მხრიდან თავდასხმების შემდეგ – 7 აგვისტოს 23.50 საათზე განახორციელეს სამხედრო მოქმედებები და შეიყვანეს კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული ტექნიკა და ჯარები.

დაახლოებით 24.00 საათზე ქართული სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი მასმედიის წარმომადგენლებთან აკეთებს განცხადებას, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ცხინვალის რეგიონში. გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ განაცხადა, რომ ეს არ იყო თავდაცვის სამინისტროს პოზიცია და, შესაბამისად, ბრიგადის გენერალმა ყურაშვილმა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელისაგან საყვედური მიიღო. თავად მამუკა ყურაშვილი ადასტურებს ზაზა გოგავას ინფორმაციას. როგორც სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა განაცხადა, ეს იყო ემოციური განცხადება და ემოცია გამოწვეული იყო მოწინააღმდეგის მხრიდან ქართულ სამშვიდობო ძალებზე სამხედრო შეტევით78.

8 აგვისტოს ქართულმა შეიარაღებულმა ნაწილებმა დაიკავეს შემდეგი სოფლები: წინაგარა, ორჭოსანი, დიდმუხა, მუგუთი, რომი, დმენისი და არცევი. დაკავებული სიმაღლეებიდან ხორციელდებოდა საარტილერიო შეტევა ძარას გზაზე, საიდანაც ხდებოდა რუსული შეიარაღებული ნაწილების შემოდინება, ასევე სოფელ ხეთაგუროვოზე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ცნობით, ქართულ სოფლებზე და შეიარაღებულ ნაწილებზე შეტევა ხდებოდა ცხინვალის გარეუბნებიდან, განსაკუთრებით „ვერხნი გოროდოკიდან“ (ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი), სადაც განლაგებული იყო რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების შტაბი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერთი მხრივ, საარტილერიო დარტყმები, ხოლო, მეორე მხრივ, ცეცხლის კორექტირება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ნაწილის ბაზიდან ხდებოდა. ამ ფაქტს ადასტურებს ერთ-ერთ ოსურ საინფორმაციო ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია. მასში აღწერილია ფაქტი, თუ როგორ წარმატებით ახორციელებდა ერთ-ერთი ოსი მებრძოლი ცეცხლის კორექტირებას რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების შტაბის შენობის სახურავიდან. ამას მოწმობს რუსული უფლებადაცვითი ორგანიზაცია „მემორიალის“ ანგარიშიც79.

დილის 11 საათზე ქართულმა არმიამ ცხინვალის ირგვლივ სიმაღლეები დაიკავა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა დანაყოფებმა დაიწყეს ცხინვალში შესვლა. გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ ოპერაციის მიზანი იყო:

ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა მათი შემოვლითი გზით გამოყვანა ამ გზაზე მუდმივი საარტილერიო თავდასხმის გამო;

ცხინვალში არსებული საცეცხლე წერტილების ჩახშობა.

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის, ზაზა გოგავას განცხადებით, ქალაქ ცხინვალში საარტილერიო სროლა ხორციელდებოდა ”დანა”-ს ტიპის ზუსტი საარტილერიო დანადგარებით და შეტევა ხდებოდა დე-ფაქტო რეჟიმის „თავდაცვის სამინისტროს“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ და სხვა სამთავრობო დაწესებულებების მიმართულებით.

8 აგვისტოს 14.00 საათისათვის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები თითქმის მთელ ქალაქს აკონტროლებდნენ. 15.00 საათისათვის ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და თბილისის მერმა გამოაცხადეს სამსაათიანი მორატორიუმი სამხედრო მოქმედებებზე. როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ სამი საათის განმავლობაში მოხდა კონფლიქტის რეგიონიდან სამოქალაქო მოსახლეობის გამოყვანა. მათივე განცხადებით, სწორედ ამ პერიოდში ხდებოდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან საარტილერიო შეტევა როგორც ავიაციით, ისე „გრადის“ ტიპის დანადგარებით. შინაგან საქმეთა მინისტრმა კომისიას წარუდგინა ამის დამადასტურებელი ვიდეომასალები80.

9 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის აქტი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

10 აგვისტოს 17.30 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს გადასცა დიპლომატიური ნოტა საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ ფაქტის მიუხედავად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს ქვეყნის ტერიტორიების დაბომბვა და ოკუპირება. მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს ტერიტორია რუსული ავიაციისა და ტაქტიკური რაკეტების გამოყენებით კიდევ 32-ჯერ დაიბომბა.

10 აგვისტოს რუსული სამხედრო გემები შევიდნენ ოჩამჩირის პორტში და სარაკეტო და საჰაერო თავდასხმა განახორციელეს ზემო აფხაზეთზე. იმავე დღეს რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ზუგდიდი.

12 აგვისტოს რუსეთის სამხედრო შეტევა განხორციელდა ფოთის პორტსა და ზუგდიდის ადმინისტრაციულ შენობებზე.

ექვსპუნქტიანი შეთანხმება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობის შედეგად საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა 15 აგვისტოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა შემდეგ ექვს პუნქტს:

1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;

2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოოდ უარის თქმა;

3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;

4. საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბრუნება მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში;

5. რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნება სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ უსაფრთხოების დამატებითი ზომების განხორციელება;

6. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ საერთაშორისო დისკუსიების დაწყება.

თუმცა, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გრძელდება აღნიშნული პუნქტების უგულებელყოფა, რაც გამოიხატა შემდეგში

1. რფ ორივე რეგიონში (ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში) დამატებითი ჯარები შეიყვანა;

2. რფ გაამჟღავნა ორივე რეგიონში სამხედრო ძალების და ბაზების გაზრდის გეგმა;

3. რფ ახალგორის რაიონის ჩათვლით, დაიკავა საქართველოს ის ტერიტორიები, რომლებსაც ომამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა და რომლებიც არასდროს არ შედიოდა კონფლიქტის ზონაში;

4. რფ იძულების წესით გამოასახლა ქართველი მოსახლეობა კოდორის ხეობიდან

5. მედვედევ-სარკოზის სამშვიდობო შეთანხმებიდან ზუსტად ორი კვირის თავზე - 26 აგვისტოს აღნიშნული შეთანხმების მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით რუსეთის ფედერაციის მიერ ხელმოწერილ იქნა ბრძანებულება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეტის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

დაბომბვების გარდა, რუსებმა დაიკავეს კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარე შემდეგი დასახლებული პუნქტები: ქალაქები – ზუგდიდი და სენაკი, სოფლები – ბელოთი, შინდისი, ხაიში, განმუხური, ატოცი, ფახულანი, მეჯვრისხევი, რუისი და წვერი.

15 აგვისტოს, მაშინ, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რუსები აგრძელებდნენ ქართული დასახლებული პუნქტების დაკავებას. მათ გადაკვეთეს აბაშისწყალი, ასევე დაიკავეს იგოეთი, ხაშური და სურამი.

 

მედიაში არსებული ინფორმაცია სამხედრო აგრესიის დაწყების ფაქტის შესახებ

კომისიის სხდომაზე მოწვეული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დიდი რაოდენობით რუსული შეიარაღების შემოტანა და რეგულარული არმიის შემოსვლა ცხინვალის ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით დაიწყო 7 აგვისტოს, დილით ადრე. კომისიამ ეს ინფორმაცია გადაამოწმა სხვა წყაროებიდან. რუსეთის მასმედიაში გასული ინფორმაცია უარყოფს რუსეთის ფედერაციის ვერსიას, თითქოს რუსულმა შეიარაღებულმა ნაწილებმა საქართველოში შემოსვლა მხოლოდ 8 აგვისტოს დაიწყეს.

life.ru 04.08.2008

ინტერნეტ-საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფსკოვის სადესანტო ნაწილი განლაგდა როკისა და მამისონის უხელტეხილებთან, მასშტაბური სამხედრო წვრთნების „კავკასია-2008“ დასრულების მიუხედავად. გარდა ამისა, 2-3 აგვისტოს რუსული 58-ე არმიისა და 76-ე საჰაერო დივიზიის ნაწილების დისლოცირება მოხდა საქართველოს საზღვართან81. აღნიშნული სამხედრო ძალების გადაადგილება დაიწყო 2-3 აგვისტოს. იმავეს ადასტურებს Krasnaya Zvezda (Red Star)-ში 11.09.2008-ში გამოქვეყნებული სტატია82.

newsru.com 11.09.08

ინტერნეტ-საიტზე საუბარია 58-ე არმიის გადაადგილებაზე და აღნიშნულია, რომ 7 აგვისტოს რუსულმა სამხედრო ძალებმა მიიღეს ცხინვალისკენ გადასვლის ბრძანება. 135-ე პოლკი ცხინვალის რეგიონში შევიდა შუაღამემდე, მანამ, სანამ ქართული არმია ცხინვალზე შეტევას განახორციელებდა.

Пермские Новости 15.08.08

რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დაწყების ფაქტს ადასტურებს ყოველდღიური გაზეთის, Пермские Новости –ს 15 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუ რუს ჯარისკაცთან და მის მშობელთან, რომელშიც ჯარისკაცი აღნიშნავს, რომ მათი 58-ე არმია 7 აგვისტოდან იმყოფება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

Комсомольская Правда 17.08.08

Комсомольская Правда აქვეყნებს 58-ე არმიის 693-ე პოლკის სერჟანტ ალექსანდრე პლოტნიკოვის ინტერვიუს83, მიცემულს როსტოვში, მას შემდეგ, რაც ის დაჭრეს. პლოტნიკოვის თქმით, მათმა ქვედანაყოფმა უკვე აგვისტოს დასაწყისში იცოდა იმის შესახებ, რომ ომი უნდა დაწყებულიყო, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ამბობდა.

იგი აღნიშნავს, რომ მათი ქვედანაყოფი ომის დაწყებამდე გაგზავნეს ცხინვალთან ახლოს, მთებში84.

2 სექტემბერს Московский Комсомолецის ჟურნალისტი ვადიმ რაჩკოვსკი საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს ინფორმაციას 58-ე არმიის 693–ე პოლკის 7 აგვისტოს (ან უფრო ადრეც) სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გადაადგილების შესახებ. თუმცა რაჩკოვსკი ამაში მნიშვნელოვანს ვერაფერს ხედავს, ვინაიდან ეს სამხედრო ძალების გადაადგილების პირველი შემთხვევა არ არის 85. - -

BBС Monitoring World Media Monitorის მიხედვით, 7 აგვისტოს აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აღნიშნა, რომ რუსული ბატალიონი შევიდა კონფლიქტის ზონაში. აღნიშნული განცხადება გაკეთდა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რაც გადაიცა კიდეც რუსეთის ტელევიზიის სახელმწიფო არხზე, Rossiya-ze (Rossiya TV, Moscow, in Russian 1600 gmt 7 Aug 08) .

როიტერის ჟურნალისტი საიდ ცარნაევი პირადად ჩავიდა ცხინვალში 7 აგვისტოს86. ცხინვალის სასტუმროში, სადაც ის ცხოვრობდა, იმყოფებოდა 48 რუსი ჟურნალისტი და კიდევ 50 ადამიანი, რომლებიც ცარნაევის ჩასვლამდე 3 დღით ადრე ჩასულან ცხინვალში, თითქოს მათთვის წინასწარ იყო ცნობილი, რაც უნდა მომხდარიყო. ცხინვალში ჩასვლამდე კი მას საზღვართან შეხვდა ადამიანი, რომელსაც თავისი ოჯახი გაჰყავდა ცხინვალიდან. სწორედ იმ ღამეს დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის დაწყების ფაქტს მოწმობს რუსი ექსპერტების მიერ გაკეთებული განცხადებები.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წინასწარ დაგეგმვის ფაქტს ადასტურებს ვლადიმერ პუტინის მოკავშირე და ეკონომიკური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში – ანდრეი ილარიონოვი. აღნიშნული პირის პრეზიდენტ პუტინის ახლო გარემოცვაში ყოფნა და მისი ხელმისაწვდომობა ინფორმაციის ფართო სპექტრზე ზრდის მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობას.

ილარიონოვის განცხადებით87, რუსეთ-საქართველოს ომისთვის მზადება რუსეთის ხელისუფლებამ 4 წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული პრობლემები უმტკივნეულოდ მოაგვარა. ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება ეწეოდა საქართველოს საწინააღმდეგო პროპაგანდას, ამავე დროს ახორციელებდა სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაციას. ამ არაღიარებული რესპუბლიკის ბიუჯეტის 60% იხარჯებოდა სამხედრო შეიარაღებაზე, რასაც ემატებოდა უშუალოდ რუსეთის ფედერაციიდან შემოსული სამხედრო ტექნიკა.

ექსპერტის განმარტებით, რუსეთ-საქართველოს ომი მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების შეცვლას. ამ ფაქტს არც რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირები უარყოფენ.

ილარიონოვის განცხადებით, რუსულმა სამხედრო ძალებმა 7 აგვისტომდე დაიწყეს სამხედრო მოქმედებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. 1 აგვისტოს დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა. 3 აგვისტოს კოკოითმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ოსეთიდან. 6 აგვისტოს კი რუსული სამხედრო დანაყოფები უკვე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და როკის გვირაბი დაიკავეს. ამ დროისთვის რუსეთის 58-ე არმია მობილიზებული იყო საქართველოს საზღვართან. რუსეთის ხელისუფლებამ გამოგზავნა 9000 ჯარისკაცი და 700 ერთეული ჯავშანტექნიკა.

პაველ ფელგენგაუერი, სამხედრო ექსპერტი

2008 წლის 20 ივნისს რუსმა სამხედრო ექსპერტმა, პაველ ფელგენგაუერმა ისაუბრა რუსეთის ხელისუფლების მოსალოდნელ ქმედებებზე. ფელგენგაუერის განცხადებით, კრემლი უკვე გეგმავდა საქართველოში ომის დაწყებას საქართველოში არსებული ხელისუფლების მოშორების მიზნით. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საომარი მოქმედებები დაიწყებოდა აგვისტოში ან სექტემბერში, ვინაიდან ზამთარში თოვლისა და სიცივის გამო შეუძლებელია კავკასიის ტერიტორიაზე გადასვლა. ფელგენჰაუერი ვარაუდობდა, რომ კონფლიქტი ზემო აფხაზეთიდან ან ცხინვალის რეგიონიდან დაიწყებოდა და აგრესია საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავდა.

ზემოაღნიშნული მოსაზრების დასტურად ექსპერტს მოჰყავს შემდეგი ფაქტი – აგვისტოს მოვლენებამდე რუსმა გენერლებმა და რუსმა დიპლომატებმა შეწყვიტეს საქართველოს მხარესთან მოლაპარაკებები88.

ფაქტებს შესწავლის შემდეგ კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ აგვისტოს აღნიშნული პერიოდი რუსეთის ფედერაციისათვის იყო ყველაზე ხელსაყრელი სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად შემდეგი მიზეზების გამო:

1. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არასათანადო ყურადღება.

აგვისტოს თვეში თანამდებობის პირების აბსოლუტური უმრავლესობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ამერიკის შეერთებულ შტატესა და ევროპაში ისვენებს. ამას გარდა სახელმწიფოს ლიდერების ყურადღება გადატანილია პეკინის ოლიმპიადის გახსნაზე. ასეთ ვითარებაში რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ აგრესიის შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება რეაგირებას ვერ მოახდენდა.

2. სამხედრო მოქმედებებისათვის სათანადო კლიმატური პირობები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსული ავიაციის სუსტ წერტილს მოღრუბლული ამინდი წარმოადგენს. პროგნოზის მიხედვით 2008 წელს ყველაზე კარგი ამინდი სწორედ 5-დან 25 აგვისტომდე იყო ნავარაუდები.

 

სამხედრო აგრესიის მასშტაბი

სულ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილეობა მიიღო:

• 40 000-ზე მეტმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ;

• 3 000 ერთეულზე მეტმა ჯავშანტექნიკამ;

• 2 500 ერთეულზე მეტმა სამხედრო ავტომობილმა.

საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, 8 აგვისტოდან მოყოლებული, რუსულმა ავიაციამ საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონის გარეთ დაბომბა 32 სამოქალაქო და სამხედრო ობიექტი. ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას და დაშავდა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე89.

დაბომბვის დროს რუსული ძალები იყენებდნენ შშ-26 „ისკანდერის“ ტიპის ჭურვებს, რომლებითაც დაიბომბა ბაქო–სუფსის ნავთობსადენი90. ფოთი და გორი დაიბომბა შშ-21 „ტოჩკა უ“ ტიპის ჭურვებით. გორის მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის ჯარები იყენებდნენ „ურაგანი“–ს ტიპის ჭურვებს. გორში, რუისსა და შინდისში მათ გამოიყენეს კასეტური ბომბები.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარე შემდეგი დასახლებული პუნქტები: ქალაქები – ზუგდიდი და სენაკი, სოფლები – ბელოთი, შინდისი, ხაიში, განმუხური, ატოცი, ფახულანი, მეჯვრისხევი, რუისი და წვერი.

15-16 აგვისტოს რუსული სამხედრო ავიაციის მიზანმიმართულმა რეიდებმა საქართველოს ტყეებში ხანძრის რამდენიმე კერა წარმოშვა. ათასამდე ჰექტარი უნიკალური ტყის მასივი განადგურდა ბორჯომის ხეობაში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ატენის ხეობაში.

მსხვერპლი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ გარდაიცვალა 413 ადამიანი, მათგან 166 სამხედრო, 16 პოლიციელი და 220 სამოქალაქო პირი. დაჭრილების რაოდენობამ 2234-ს მიაღწია.

ჟურნალისტები

კონფლიქტის დროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო შეტევის შედეგად 3 ჟურნალისტი გარდაიცვალა (აქედან 1 უცხოელი, 2 ქართველი), 6 კი დაიჭრა (აქედან 3 უცხოელი, 3 ქართველი). ჟურნალისტებზე ხორციელდებოდა თავდასხმები: რუსმა და ოსმა ოკუპანტებმა დააკავეს 10 ჟურნალისტი (აქედან 8 უცხოელი, 2 ქართველი), თავს დაესხნენ 3 ჟურნალისტს (აქედან 2 უცხოელი, 1 ქართველი) და გაქურდეს 12 უცხოელი ჟურნალისტი.

იძულებით გადაადგილებული პირები

8 ოქტომბერს საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 131 169 იძულებით გადაადგილებული პირი აღრიცხა. ამ ადამიანებმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემოჭრის, დაბომბვის და ძარცვის შედეგად დაკარგეს საცხოვრებელი სახლები91. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (United Nations High Commissioner for Refugees (UNHCR) 12 სექტემბრის მონაცემებით, რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის შედეგად სულ 192 000 დევნილი აღირიცხა, მათგან 127 000 საქართველოს ტერიტორიაზეა, 30 000 ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რჩება, ხოლო დანარჩენი 35 000 ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა92. 27 ოქტომბრისთვის მათი ნაწილი, 32 570 დევნილი, კვლავ ვერ ახერხებდა სახლებში დაბრუნებას.

 

ეთნიკური წმენდისა და ძალდობის ფაქტები

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მასმედიამ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ცხინვალის, გორის, ქარელის რაიონებში და კოდორის ხეობაში ეთნიკური წმენდის, აგრეთვე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის და ძალადობის ფაქტები. რუსი და ოსი სამხედროები მასობრივად წვავდნენ და ანადგურებდნენ ქართულ სოფლებს, ძარცვავდნენ და აყაჩაღებდნენ ქართულ მოსახლეობას.

დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებები

დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები არ მალავდნენ სოფლებიდან ქართველი მოსახლეობის მასობრივად განდევნის სურვილს, რასაც ადასტურებს ქვემოთ მოყვანილი განცხადებები:

ქართული სოფლების განადგურების ფაქტი თვითონ დე-ფაქტო რეჟიმის ლიდერმა, ედუარდ კოკოითმა დაადასტურა გაზეთ „კომერსანტისთვის“ 15 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მიზნად ისახავს ქართველების გაძევებას ცხინვალის რეგიონიდან93. 15.08.2008

• დე-ფაქტო რეჟიმის მთავრობის ”საპარლამენტო მდივანმა”, ზნაურ გასიევმა კი გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „ჩვენ დავწვავთ ყველა სახლს“, და რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველები არ დაბრუნდნენ ცხინვალში. 22.08.2008

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის () წარმომადგენლები პირადად შეესწრნენ ცხინვალის რეგიონში ოსური შეიარაღებული ნაწილების მიერ ქართული სოფლების დარბევის, დაწვის და ძარცვის ფაქტებს 94. ანგარიშში აღწერილია მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის95, მკვლელობის, ძარცვის, ყაჩაღობის, ფაქტები. ამავე ფაქტებზე საუბრობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International96. რუსული უფლებადაცვითი ორგანიზაცია „მემორიალის“97 ანგარიშის მიხედვით, ქართული სოფლების ნაწილი თითქმის სულ დაიწვა და დაზიანდა. გაეროს UNOSAT–ის ფოტოებზე ნათლად ჩანს ცხინვალის რეგიონში ეთნიკურად ქართული სოფლების განადგურების ფაქტები98.

 

ვითარება ბუფერულ ზონებში”

რუსეთის ფედერაციის აგრესია გაცდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფარგლებს და საქართველოს სხვა ტერიტორიების ოკუპაციაც მოახდინა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, რუსეთი, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარე, ვალდებულია უზრუნველყოს მოსახლეობის მშვიდობა და უსაფრთხოება მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე; წინააღმდეგ შემთხვევაში მან პასუხი უნდა აგოს ომის კანონების დარღვევისთვის.

AI მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ოსურმა ბანდ ფორმირებებმა რუსეთის ფედერაციის ჯარების ხელშეწყობით დაანგრიეს ქართული სოფლები კონფლიქტის რეგიონში, გაძარცვეს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, მათ გადაინაცვლეს კონფლიქტის რეგიონის გარეთ მდებარე სოფლებში, გორის და ქარელის რაიონებში. რუსი სამხედროების მიერ კონტროლირებად „ბუფერულ ზონებში“ მოსახლეობას ეთნიკურ ნიადაგზე ძარცვა, თავდასხმა და დაშინება ჩვეულებრივი ამბავი იყო99.ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, ტომას ჰამარბერგის100 დასკვნით, „ბუფერულ ზონებში“ სიტუაცია კონტროლიდან არის გამოსული, რაც კიდევ უფრო ზრდის იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობას.

Wall Street Jurnal-ის (WSJ) ჟურნალისტმა მელიკ კაილანმა პირადად ნახა დარბეული სოფლები, ცხედრები და დამწვარი მანქანები, მათ შორის მოინახულა რუსების აგრესიის შედეგად დარბეული და დაზიანებული ნიქოზის ეკლესია101. International Herald Tribune-ს (IHT) ინფორმაციით, სრული დაუსჯელობა სუფევს რუსების მიერ კონტროლირებულ „ბუფერულ ზონებში“. თვალში საცემია მოსახლეობისგან დაცლილი სოფლები; ეთნიკურად ქართველმა მოსახლეობამ თითქმის სულ დატოვა საკუთარი სახლები; არ მუშაობს მაღაზიები, აფთიაქები; ოსი ფორმირებები, რუსი სამხედროების ნებართვით ძარცვავენ და წვავენ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სახლებს, წერს

International Herald Tribune-ის ინფორმაციით რუსი სამხედროები 10 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ ეუთოს და UNHCR-ის დამკვირვებლებს „ბუფერულ ზონებში“, რათა დაემალათ იქ არსებული უკანონობა.

ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის. ადამინის უფლებების დარღვევის და ღირსების შემლახველი მოპყრობის, ძალადობის მასობრივ ფაქტებს მოწმობს საერთაშორისო მედიის ფართო სპექტრი102.

AI წარმომადგენლები მიუთითებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ დაშვებულ ხარვეზებზე განსაკუთრებით განურჩეველ საარტილერიო შეტევასთან დაკავშირებით, რამაც, მათი განცხადებით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოსი ეროვნების სამოქალაქო მოსახლეობას და ცხინვალს. დაფიქსირებულია ქართული ჯარების მიერ მძევლად ჩაგდების მცდელობის ერთი ფაქტიც. ამავე დროს მოსახლეობის დაკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ქართველი სამხედროები ქალებსა და ბავშვებს სათანადოდ ეპყრობოდნენ.

ტომას ჰამარბერგმა მოინახულა დევნილთა კოლექტიური ცენტრი თბილისში. ადგილის შესწავლის და ცენტრში მცხოვრები დევნილების ჩვენებების მიხედვით კომისარმა დასკვნაში აღნიშნა, რომ დევნილებს ძალიან რთულ პირობებში უწევდათ ყოფნა103. იყო შემთხვევები იძულებით გადაადგილებულ პირთა იძულებით უკან დაბრუნების. კომისარის ინფორმაციით იმ დროისათვის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თავს იკავებდა უკან დაბრუნებისაგან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის, აუფეთქებელი კასეტური ბომბებისა და ნაღმების გამო.

თავის დასკვნაში ტომას ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონებში აუცილებელია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ კონვენციაში (ECHR) აღნიშნული ყველა უფლების დაცვა, და წარმოადგინა ექვსი პრინციპი ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოებისთვის:

1) უზრუნველყოფილ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. ეს პრინციპი გულისხმობს დაბრუნებულ პირთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას და დაზიანებული სახლების სასწრაფო შეკეთებას და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანას. ეს პირები უზრუნველყოფილ იქნენ ინფორმაციით. არავინ არ უნდა იქნეს დაბრუნებული იძულების წესით;

2) დაბრუნებამდე იძულებით გადაადგილებული პირები უზრუნველყოფილ იქნენ საცხოვრებლით. ეს პრინციპი გულისხმობს იძულებით გადაადგილებულ პირთა როგორც მატერიალურ, ისე სოციალურ–ფსიქოლოგიურ დახმარებას;

3) მოხდეს ყველა ტერიტორიის განაღმვა; ყველა კასეტური ბომბის, ნაღმის თუ სხვა საშიში ასაფეთქებელი იარაღის აღმოჩენა და გაუვნებელყოფა; სახიფათო ადგილების მონიშვნა. ორივე მხარე ვალდებულია განაცხადოს იმის შესახებ, თუ რა ტიპის იარაღს იყენებდა, სად და როდის.;

4) აღმოიფხვრას თავდასხმები, სახლების ძარცვა და დარბევა; მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და შესაბამისი დასჯა; გადაიჭრას „ბუფერულ ზონებში“ არსებული პრობლემები;

5) გათავისუფლდნენ ტყვეები და მძევლები და მათი უსაფრთხოება დაცული იქნეს; აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს მოლაპარაკებები და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა;

6) მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების და წარმომადგენლების ჩაბმა კონფლიქტის მოგვარების პროცესში; გაფართოვდეს ეუთოს მისიის წარმომადგენლობა; მხარდაჭერილ იქნეს UNHCR-ის, UNICEF-ის, ICRC-ის საქმიანობა; აღნიშნულ რეგიონებში მოხდეს უმცირესობების დაცვა.

 

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება 15.10.2008

აგვისტოს მოვლენების შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციის“ (CERD) საფუძველზე, საქართველომ საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ. სასამართლოში საქართველოს მხარემ განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისთვის და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსური შეიარაღებული დაჯგუფების მხარდაჭერისთვის.

8–10 სექტემბერს გაიმართა საქმის ზეპირი მოსმენა, სადაც საქართველომ წარადგინა მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება (მოწმეთა ჩვენებები, საერთაშორისო ორგანიზაციათა დასკვნები, სატელიტური სურათები და ა.შ.).

2008 წლის 15 ოქტომბერს სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება დროებითი ზომების გამოყენების შესახებ. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე მხარე ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი ფორმით გამოხატული რასობრივი დისკრიმინაციისგან; ორივე მხარე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს ჰუმანიტარული დახმარებების გაწევას; და ორივე მხარე ვალდებულია პატივი სცეს ერთმანეთის უფლებებს104.

 

ჰუმანიტარული ნორმების დარღვევის ფაქტები

საქართველოს შეიარაღებული ძალები

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები – Human Rights Watch (HRW) და Amnesty International (AI)105 – ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველოს მხრიდან იყო სამოქალაქო სამიზნეების განურჩეველი დაბომბვის ფაქტები.

AI-ს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7 და 8 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქალაქს, რამაც გამოიწვია სამოქალაქო მსხვერპლი, თუმცა ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ ჰქონდათ მიზნად დასახული სამოქალაქო მოსახლეობის დაზიანება. მათი მიზანი იყო მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩაქრობა. ოსური შენაერთები ხშირ შემთხვევაში დისლოკაციის ადგილს სწორედ სამოქალაქო მოსახლეობის სიახლოვეში ირჩევენ, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პირდაპირი დარღვევაა. ქართულ ნაწილებზე თავდასხმა ხდებოდა ქალაქის ცენტრში არსებული საცხოვრებელი კორპუსებიდან. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული შენაერთების სამიზნე მოსახლეობა არ იყო, მათი საარტილერიო დარტყმები, განსაკუთრებით „გრადის“106 ტიპის დანადგარიდან, არ იყო ზუსტი, სამიზნეს გარკვეულ შემთხვევებში სცდებოდა 100-150 მეტრით და აზიანებდა სამოქალაქო მოსახლეობას. AI აცხადებს, რომ საქართველოს მიერ ძარის გზის დაბობვას, რომლითაც ხორციელდებოდა რუსული არმიის შემოსვლა, შეიძლებოდა გამოეწვია მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში, ვინაიდან სწორედ ამ გზით ხდებოდა ოსი მოსახლეობის ევაკუაცია. ამავე დროს, AI-ს არ გააჩნია ზუსტი ინფორმაცია, იმყოფებოდა თუ არა სამოქალაქო მოსახლეობა ძარის გზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან საარტილერიო შეტევის დროს.

HRW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სოფელ ხეთაგუროვოს აღებისას ქართულმა შენაერთებმა ასევე გამოიყენეს „გრადის“ ტიპის საარტილერიო დანადგარი, რასაც მოჰყვა მცირე მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში. ამავე დროს, თავად ოსური მოსახლეობის ინფორმაციით, ქართველ ჯარისკაცებს სოფელი სრულიად დაცლილი ეგონათ. გამოკითხულმა თვითმხილველებმა უარყვეს ქართველების მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ან ღირსების შემლახავი ქმედების განხორციელება. ადასტურებს AI-ს დასკვნაც.

არ დადასტურდა 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია 2000 სამოქალაქო მოსახლის დაღუპვის შესახებ. HRW -ის წარმომადგენლების განცხადებით, ეს რიცხვი ხელოვნურად არის გაზრდილი და სიმართლეს არ შეესაბამება. მოგვიანებით 21 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურორმა დაასახელა გარდაცვლილთა ახალი რიცხვი – 133107. ამასთანავე არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის” და HRW-ის ანგარიშები ცხადჰყოფენ, რომ დე-ფაქტო რეჟიმის მხარის მსხვერპლის უდიდესი ნაწილი შეიარაღებული ფორმირებების წევრთა შორის დაფიქსირდა და არა მშვიდობიან მოსახლეობაში.108 რუსეთის ფედერაციის ეს პროპაგანდა მიზნად ისახავდა კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას ოსურ ფორმირებებში ძალადობის სურვილის გაღვივების გზით109.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები

AI–ს წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია რუსული მხარის მიერ მიზანმიმართულად სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტების შესახებ:

• 12 აგვისტოს, შუადღისას, გორის ცენტრალურ მოედანზე ჩამოგდებული ბომბის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ჰოლანდიელი ჟურნალისტი და შვიდი საქართველოს მოქალაქე. ერთი ჰოლანდიელი ჟურნალისტის დაღუპვის და ერთის დაჭრის ფაქტს ადასტურებს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც110. შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სტორმანსი გარდაიცვალა რუსეთის საჰაერო ძალების მიერ გორის კასეტური ბომბებით დაბომბვის შედეგად. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ვერჰაგენმა ძალიან მწვავედ შეაფასა აღნიშნული ფაქტი და განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ბომბების გამოყენება საერთოდ დაუშვებელია, მით უმეტეს, ისეთ ადგილებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა.

• AI–ს აქვს ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული საჰაერო ხომალდი ბომბავდა ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას ზონიდან ევაკუაციის პროცესში.

• AI–ს წარმომადგენლები თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ესაუბრნენ ორ დაზარალებულს. მათი თქმით, 12 აგვისტოს, დილის 11 საათზე, ახალგორის მიმდებარე ტერიტორიებზე მათ რუსი ჯარისკაცები ესროდნენ ახლო მანძილიდან.

 

კასეტური ჭურვების გამოყენების ფაქტები

HRW 111-მა გააკრიტიკა როგორც ქართული, ისე რუსული მხარე კასეტური ბომბების გამოყენებისათვის. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ იარაღის გამოყენების შედეგად 17 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარტყმებს შეეწირა.

საქართველოს არმიის მიერ გამოყენებული კასეტური ბომბები ნაპოვნი იქნა სოფლებში – ტირძნისი და შინდისი. ორგანიზაციის მონაცემებით, იმ პერიოდში რუსული დანაყოფები ამ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, ჭურვები ამ ადგილებში აღმოჩნდა საარტილერიო დანადგარების ტექნიკური ხარვეზის გამო. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორმა მიიღო სხეულის დაზიანება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ უარყო კასეტური ჭურვების გამოყენების ფაქტი ძარის გზაზე, ცხვინვალსა და როკის გვირაბს შორის, საიდანაც ხდებოდა რუსეთის ფედერაციის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის შემოყვანა. ამ იარაღის გამოყენება არ მომხდარა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამავე დროს სამინისტრომ გამოხატა მზადყოფნა, ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ საკითხის გამოსაკვლევად112.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტებს, თუმცა როგორც AI–ს, ისე HRW-ის წარმომადგენლებმა მოისმინეს მოწმეთა ჩვენებები, დაათვალიერეს ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, კასეტური ბომბები გამოყენებული იყო ქვემო კვითში, ტირძნისში, ტყვიავში, ფხენისში, კეხვში, რუისში, ახალგორში, ასევე გორის ცენტრში (რის შედეგადაც დაიღუპა ჰოლანდიელი ჟურნალისტი).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა ბალისტიკური რაკეტები „ისკანდერი“ SS-26 და „ტოჩკა უ“ SS-21. ამ მონაცემებს ადასტურებს რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია ”მემორიალი”-ს მიერ, ასევე საერთაშორისო113 და რუსეთის მასმედიაში114 გამოქვეყნებული ინფორმაცია.

კომისიამ შეისწავლა რუსეთის ფედერაციის მიერ გორის ცენტრში და ფოთში ჩამოგდებული ისკანდერის ტიპის კასეტური ჭურვები და ბალისტიკური რაკეტის ნარჩენები. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო კომისიის წევრებს არ ჰქონდათ საშუალება, ადგილზე გამოეკვლიათ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ განურჩეველი საარტილერიო დაბომბვის და კასეტური იარაღის გამოყენების ფაქტები.

 

რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მისი შედეგების სამართლებრივი შეფასება

რუსეთმა კონფლიქტის დაწყება ოთხი ძირითადი მიზეზით ახსნა: 1. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ საქართველოს აგრესიის შეჩერება; 2. ეთნიკური წმენდის შეჩერება და თავიდან აცილება; 3. რუსეთის მოქალაქეების დაცვა და 4. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეების დაცვა სამშვიდობო ხელშეკრულების (1992 წლის ხელშეკრულება) საფუძველზე.

1. აგრესიის შეჩერება. რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის შეჩერების არგუმენტი უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული, რადგან, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აგრესიად მიიჩნევა ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელყოფა (გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, 14 დეკემბერი, 1974 წ.).

2. საქართველოს მხრიდან ეთნიკური წმენდის ფაქტი არც ერთმა დამკვირვებელმა არ დაადასტურა და, მიუხედავად ცხინვალზე სამხედრო გადაადგილებისა, ეს მოქმედება არავის შეუფასებია ეთნიკურ წმენდად. ამიტომ ეს საფუძველიც გამორიცხულია, პირიქით, აქტუალურად დგას რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების და განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის საკითხი. საქართველომ უკვე მიმართა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს და რუსული ოკუპაციის შეფასება მოითხოვა. მიმართვა გაგზავნილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კონვენციის მე–2 და მე–3 მუხლების საფუძველზე.

რუსეთის მოქალაქეების დაცვა. რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით „დაცვის პასუხისმგებლობის“ საკითხის წამოწევა არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს და პრაქტიკას. როგორც წესი, დაცვის პასუხისმგებლობა არსებობს სახელმწიფოსთვის, რომელმაც უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. სხვაგვარი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს უნარი ან სურვილი, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ეს ინსტრუმენტი არ გამოიყენება მაშინ, როდესაც სახელმწიფო შეუთანხმებლად იღებს გადაწყვეტილებას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები საკუთარი საზღვრების გარეთ.

ძალის გამოყენების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულია ხუთი პარამეტრი და მათი დადგომის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ძალის გამოყენება (ჰააგის კონვენცია, 1907 წ.), ისიც მხოლოდ და მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს ჩარევის გზით. ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას.115

საფრთხის სერიოზულობა. არცერთი სანდო საერთაშორისო წყარო არ ადასტურებს საქართველოს მიერ საერთაშორისო დანაშაულის ჩადენას; აქედან გამომდინარე, ჩარევა არ აკმაყოფილებს სერიოზული საფრთხის კრიტერიუმს.

ჩარევა, როგორც ძირითადი მიზანი. დღეს უკვე ნათელია, რომ სამხედრო ოპერაციის ძირითადი მიზანი მხოლოდ მშვიდობის დამყარება და სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა კი არ ყოფილა, არამედ მას უფრო შორს მიმავალი მიზნები ჰქონდა.

სამხედრო ძალის გამოყენება, როგორც უკანასკნელი საშუალება. სამხედრო ძალა რუსეთმა დაუყოვნებლივ გამოიყენა, ისე, რომ საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება არ უცდია. მან მხოლოდ ერთხელ მიმართა უშიშროების საბჭოს, მაგრამ რეზოლუციის ტექსტის მიღება იმ დღეს, 7 აგვისტოს, ვერ მოხერხდა, რადგან რუსეთმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაფიქსირებას.

პროპორციული ჩარევის პრინციპი. ნებისმიერი სამხედრო ჩარევა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნდა იყოს პროპორციული, რაც უდავოდ დაარღვია რუსეთმა.

ჩარევით გამოწვეული სიკეთე უნდა არემატებოდეს სამხედრო ინტერვენციით გამოწვეულ ზიანს.

არცერთი შემოაღნიშნული პირობა არ იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესია წარმოადგენს გაეროს წესდების მე-2 მუხლის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევას.

დაცვის პასუხისმგებლობის“ მოშველიება არასწორია იმ მოტივითაც, რომ არ არსებობდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ჩარევის უფლებას მისცემდა რუსეთს. 2005 წელს გენერალური ასამბლეის პოზიცია ამ საკითხზე ნათლად დაფიქსირდა, კერძოდ ის, რომ დაცვის პასუხისმგებლობის მოტივით ჩარევა უნდა ხდებოდეს მხოლოდ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე.

4. მცდარია ასევე აპელირება სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. სამშვიდობო ხელშეკრულებით რუსეთისთვის განსაზღვრულია მონიტორინგის ფუნქცია. ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის და მას შეუერთდნენ ავტონომიური ერთეულების ლიდერებიც. ხელშეკრულების მიზანი იყო კონფლიქტის შეწყვეტა და კონფლიქტის რეგიონში დემილიტარიზაციის განხორციელება, შეიარაღებული ძალების გაყვანა და სამშვიდობო ძალების ჩაყენება.

სამხედრო ჩარევების თემაზე ხელშეკრულებაში არაფერი არ იყო ჩაწერილი და, შესაბამისად, ამ ვითარებასთან ის არარელევანტურია.

რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის დარღვევა

რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გამოყენება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაშვებია მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის116 – ფედერაციის საბჭოს თანხმობით. კომისიამ ფაქტების შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ არც სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ საბჭოს შესაბამისი აქტი არ მიუღია.

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების სამართლებრივი შეფასება

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელშიც ის აღიარებს რუსული პროტექტორატის ქვეშ მყოფი რეგიონების – აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობას. მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობის დამადასტურებლად კი რუსეთის პრეზიდენტს მოჰყავს გაეროს 1970 წლის დეკლარაცია და ეუთოს 1975 წლის დასკვნითი აქტი. ცნობილია, რომ სწორედ ამ სამართლებრივ აქტებშია მოცემული საერთაშორისო სამართლის 10 პრინციპი, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო სამართლის სისტემის უმნიშვნელოვანესი საწყისებია, მისი შინაგანი საფუძველია, საყოველთაოდ აღიარებულია, უნივერსალურია; ყველა სახელმწიფო ვალდებულია მკაცრად დაიცვას მათი მოთხოვნები.

ახლა კი ვნახოთ, რამდენად შეესაბამება რუსეთის პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

1. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

ისტორიულად და სამართლებრივად აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით.

საქართველომ გასულ საუკუნეში რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის (1921 წ.) შედეგად დაკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა რეფერენდუმის საფუძველზე, რომელიც 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის, მათ შორის, ამ რეგიონებში მცხოვრებთა, უმრავლესობამ რეფენდუმში მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამის შედეგად საქართველო გაეროს წევრად მიიღეს იმ საზღვრებში, იმ ტერიტორიული მდგომარეობით, რომელიც მას ჰქონდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისას, ე. ი. აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჩათვლით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევა გამოიხატება იმით, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობა გულისხმობს ამ ორი რეგიონის ტერიტორიების საქართველოსგან მისი ნების გარეშე ჩამოცილებას.

2. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, სახელმწიფოებს ურღვევად მიაჩნიათ ერთმანეთის საზღვრები; ამიტომ ისინი თავს შეიკავებენ ამ საზღვრების ყოველგვარი ხელყოფისაგან, არ შეეცდებიან მათ გადასინჯვას და არ ექნებათ ტერიტორიული პრეტენზიები. სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ აგრეთვე ყოველგვარი მოთხოვნისა თუ მოქმედებისაგან, რომლის მიზანია ნებისმიერი სახელმწიფოს ნაწილის თუ მთელი ტერიტორიის დაპყრობა-უზურპაცია. სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპი დასაშვებად მიიჩნევს საზღვრების მხოლოდ ნებაყოფლობით შეცვლას, დაინტერესებული სახელმწიფოების თანასწორუფლებიანი შეთანხმების შედეგად.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით ზემოაღნიშნული პრინციპის დარღვევა გამოიხატება იმით, რომ საქართველოს რეგიონების სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობით რუსეთმა ცალმხრივად, საქართველოსთან შეუთანხმებლად შეცვალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრები.

თანამედროვე საერთაშორისო სამართლით, ამ პრინციპის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა დანაშაულადაა მიჩნეული.

3. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, არც ერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს არ აქვს უფლება, ჩაერიოს პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რა მიზეზიც უნდა იყოს, სხვა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო საქმეებში; დაუშვებელია შეიარაღებული ჩარევა და ჩარევის ყველა სხვა ფორმა ან ყოველგვარი მუქარა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს სამართალსუბიექტობის ან მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საფუძვლების წინააღმდეგ.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით ამ პრინციპის დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით რუსეთმა თვითნებურად გადაწყვიტა სხვა სახელმწიფოს – საქართველოს რეგიონების სტატუსის საკითხი, რომელიც მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმეა. რუსეთის პრეზიდენტის ეს ბრძანებულება უშუალოდ საქართველოს პოლიტიკური საფუძვლების წინააღმდეგ არის მიმართული.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობა იმიტომ მოხდა, რომ საქართველომ თავისი მოქმედებით “გადაწურა ყველა იმედი ოსების, აფხაზების და ქართველების ერთ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაარსებობისა”, არ შეიძლება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძვლად იქნეს განხილული, რადგანაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირის ასეთი განცხადება თავისთავად არის სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის უხეში დარღვევა; არც ერთ სახელმწიფოს, მათ შორის, არც რუსეთის ფედერაციას, არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი და განსაზღვროს, ესა თუ ის ერები ერთ სახელმწიფოში იცხოვრებენ თუ ცალ-ცალკე.

ზემოაღნიშნული პრინციპის დარღვევას თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ინტერვენციად მიიჩნევს.

4. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, ყველა სახელმწიფო, მიუხედავად ტერიტორიის სიდიდისა და მოსახლეობის რაოდენობისა, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო ძლიერებისა, თანასწორუფლებიანია საერთაშორისო სამართლის წინაშე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სუვერენულ თანასწორობას, აგრეთვე ყველა უფლებას, რომელიც დამახასიათებელია მათი სუვერენიტეტისათვის, მათ შორის, თითოეული სახელმწიფოს იურიდიული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის უფლებას. არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, თავს მოახვიოს სხვა სახელმწიფოს თავისი ბატონობა ან პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაიყენოს თავი.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით ამ პრინციპის დარღვევა გამოიხატება იმით, რომ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობით, ე. ი. ცალმხრივი აქტის გამოცემით რუსეთმა დაადასტურა, რომ იგი საქართველოს არ განიხილავს, როგორც იურიდიულად თანასწორ სუბიექტს, და თავს პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყენებს საქართველოს სუვერენიტეტის საზიანოდ.

5. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, ყოველი სახელმწიფო თავის საერთაშორისო დავებს სხვა სახელმწიფოებთან უნდა წყვეტდეს მშვიდობიანი საშუალებებით, ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობას, უშიშროებასა და სამართლიანობას. ამის შესაბამისად, სახელმწიფოებმა, რომლებიც საერთაშორისო დავის მხარეები არიან, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებმა, თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი მოქმედებისაგან, რომელსაც შეუძლია იმდენად გააუარესოს მდგომარეობა, რომ საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო Mმშვიდობისა და უშიშროების დაცვას.

რუსეთი, რომელიც თავიდანვე მონაწილეა და მხარეა მის მიერ შეიარაღებული და მართული დე-ფაქტო ძალების მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ინსპირირებული კონფლიქტებისა, თითქმის 15 წლის განმავლობაში უარყოფდა ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ყველა წინადადებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების, გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო შეთავაზებული. ამ ფონზე, ცალმხრივად, საქართველოს სუვერენული უფლებების გაუთვალისწინებლად, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობა არათუ ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მშვიდობიან მოგვარებას (როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო სამართლის ზემოაღნიშნული პრინციპი), არამედ, პირიქით, იმდენად გააუარესებს ამ ორ სახელმწიფოს შორის ამჟამად არსებულ, ისედაც უაღრესად დაძაბულ ურთიერთობას, რომ რეალური საფრთხე შეექმნება საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დაცვას.

6. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება, რომლის ძალითაც ისინი თავისუფლად აწესებენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად უზრუნველყოფენ თავიანთ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

ამასთანავე, თვითგამორკვევის უფლების განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური ერთიანობის დანაწილება ან დარღვევა. ყოველმა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ყოველგვარი მოქმედებისაგან, რომელიც მიმართულია სხვა სახელმწიფოს ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივ და მთლიანად დარღვევისაკენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, ამ პრინციპის მხოლოდ პირველი ნაწილით იხელმძღვანელა, როდესაც აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ ბრძანებულების გამოცემის საფუძვლად მიუთითა ამ დე-ფაქტო რეჟიმების მიერ ჩატარებულ რეფერენდუმებზე, რომლებშიც გამოვლინდა აფხაზი და ოსი ხალხების ნება მათი არაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის თაობაზე და რომლებზე დაყრდნობითაც რეგიონების ლიდერებმა დამოუკიდებლობის ცნობის თხოვნით მიმართეს რუსეთის ფედერაციას.

ვერც რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები და ვერც მათი ლიდერების თხოვნა სამართლებრივ საფუძვლად ვერ გამოდგება შემდეგ გარემოებათა გამო: ამ რეგიონებში რეფერენდუმები გაიმართა მას შემდეგ, რაც იქ განხორციელდა ეთნიკური წმენდა, რომლის შედეგადაც, მაგალითად, აფხაზეთიდან განდევნილ იქნა 250 000-მდე ქართველი, 100 000-მდე სხვა ეროვნების წარმომადგენელი და თვით აფხაზი მოსახლეობის ნახევარი (40 000-მდე აფხაზი); ამიტომ ეთნიკური წმენდის შემდეგ დარჩენილ მოსახლეობაში ჩატარებული რეფერენდუმი ვერანაირად ვერ გამოხატავს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხების და თვით აფხაზებისა და ოსების ნებას. არც ეთნიკური წმენდის შემდეგ დარჩენილ მოსახლეობაში მიერ ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია ლეგიტიმური. აქედან გამომდინარე, ამ დე ფაქტო ლიდერების მიერ გამოცემულ აქტებსა და მიმართვებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. ამის ნათელი დადასტურებაა ეუთოს სტამბოლის დეკლარაცია (1999 წ.), რომელშიც აღნიშნულია: “მიუღებლად და უკანონოდ მიგვაჩნია ამ წელს აფხაზეთში, საქართველო, ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარება”. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს დეკლარაცია მიღებულია თვით რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით და დასტურით. ხალხების თვითგამორკვევა უნდა ხორციელდებოდეს მოცემული სახელმწიფოს კონსტიტუციურ სისტემაში მონაწილეობით, მისი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე. ამიტომ იყო, რომ ჩეჩნეთში კონფლიქტის დროს, რომელშიც უამრავი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთის კრიტიკისას, მართალია, მიუთითებდნენ სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ გამოყენებული ძალის არაპროპორციულობაზე, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ეს მაინც რუსეთის საშინაო საქმე იყო. სწორედ ამიტომ ამბობს უარს სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა დე-ფაქტო რეჟიმების მიერ ეთნიკური წმენდის საფუძველზე შექმნილი თვითმარქვია დამოუკიდებელი სახელმწიფოების ცნობაზე და მოითხოვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილების, სტატუსის განსაზღვრას მხოლოდ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გავიხსენოთ თუნდაც სულ ახლახან, 2008 წლის 1 სექტემბერს საქართველოს შესახებ ევროკავშირის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომლის თანახმად, ევროკავშირი გმობს რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ და მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, არ ცნონ გამოცხადებული დამოუკიდებლობა. ამასთანავე, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა დაფუძნებული უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპის დარღვევა გამოიხატება იმით, რომ აფხაზებისა და ოსების თვითგამორკვევის ყალბად გაგებული უფლების განხორციელების მოტივით, რეგიონებში ეთნიკური წმენდის შემდეგ დარჩენილ მოსახლეობაში ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით მოხდა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური ერთიანობის ხელყოფა.

7. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულების პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, სახელმწიფოები კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდნენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე იმ ვალდებულებებს, რომლებიც მათ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით თუ სხვა შეთანხმებით იკისრეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, თავი აარიდოს იმ ვალდებულებათა შესრულებას, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებიდან, ასევე არ აქვს უფლება, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელოს თავისი შიდასახელმწიფოებრივი სამართლის დებულებები ან ნებისმიერი სხვა გარემოება. სახელმწიფომ თავისი კანონმდებლობა და ადმინისტრაციული წესები უნდა შეუსაბამოს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით ირღვევა არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, არამედ თავად რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებშიც რუსეთი ცნობს და აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და არსებული სახელმწიფო საზღვრების ურღვევობას (1994 წლის 15 აპრილის მოსკოვის დეკლარაცია “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ”).

8. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება სახელმწიფოების ერთმანეთთან თანამშრომლობის პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, სახელმწიფოები, მიუხედავად მათი პოლიტიკური, ეკონომიკური

და სოციალური სისტემის განსხვავებისა, ვალდებული არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან საერთაშორისო ურთიერთობათა სხვადასხვა დარგში, რათა დაიცვან საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება.

ზემოაღნიშნული პრინციპის დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით რუსეთი ადასტურებს თავის კეთილგანწყობას და მხარდაჭერას აგრესიული სეპარატიზმისადმი, უპირატესობას ანიჭებს ეთნიკური წმენდის შედეგად ჩამოყალიბებული თვითაღიარებული რესპუბლიკების დე ფაქტო ხელისუფლებებთან თანამშრომლობას, ნაცვლად იმისა, რომ ითანამშრომლოს საქართველოსთან, როგორც მეზობელ, სუვერენულ, გაეროს წევრ სახელმწიფოსთან, საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დასაცავად.

9. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპს.

ამ პრინციპის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო მნიშვნელობას, რომელთა პატივისცემა მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის არსებითი ფაქტორია და აუცილებელია სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარების უზრუნველყოფისათვის.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით ამ პრინციპის დარღვევა გამოიხატება იმით, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ შეუძლებელი იქნება ამ რეგიონებში ქართველი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი ეთნიკური წმენდის შედეგების ლიკვიდაცია, ასიათასობით დევნილ საქართველოს მოქალაქეს წაერთმევა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების, საკუთრების, არჩევნებში მონაწილეობისა და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, რუსეთის პრეზიდენტის ამ ბრძანებულებამ ბიძგი მისცა ამ რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის Eეთნიკური წმენდის ახალ ტალღას, რომლის გამოც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლის და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები დაუცველი გახდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ბრძანებულების გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტების რეგიონებში ჩადენილი ადამიანის უფლებათა მასობრივი და მძიმე დარღვევის, გენოციდის ფაქტები და ამით გაამართლა რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრა მეზობელ ქვეყანაში. ადამიანის უფლებათა პატივისცემის პრინციპის უმნიშვნელოვანესი ნაწილია დებულება, რომელიც კრძალავს ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით სხვა სახელმწიფოში იძულებითი ზომების გამოყენებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაეროს კომპეტენტური ორგანოები მიიჩნევენ, რომ კონკრეტულ სახელმწიფოში ხდება ადამიანის უფლებათა მასობრივი და სისტემატური დარღვევა, რაც საერთაშორისო სამართლებრივ დანაშაულად ითვლება. გაეროს არც ერთ კომპეტენტურ ორგანოს ამის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია და, შესაბამისად, არც რუსეთისათვის მიუცია უფლება, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით აღეკვეთა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული სამშვიდობო ძალები სამშვიდობო მისიის ნაცვლად დე-ფაქტო რეჟიმების აქტიურ მხარდამჭერებად გადაიქცნენ და ფაქტობრივად ამ რეგიონების სასაზღვრო ჯარების ფუნქციას ასრულებდნენ.

10. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ურთიერთობებში ძალით დამუქრებისა და ძალის გამოყენების აკრძალვის პრინციპს.

ამ პრინციპის დარღვევას ადასტურებს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვ. ზორკინის მიერ გაზეთ “როსიისკაია გაზეტაში” გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხება. ვ. ზორკინი რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს მშვიდობის ძალით დამყარების ოპერაციას უწოდებს და წერს, რომ, ჩვეულებრივ, ასეთი ოპერაციები ხორციელდება გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციით, მაგრამ რუსეთი რომ გაეროსაგან სპეციალური მანდატის მიღებას დალოდებოდა, დაიღუპებოდა უამრავი მშვიდობიანი მცხოვრები, რომელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. რუსეთის პრეზიდენტის და რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვ. ზორკინის აზრით, რუსეთს აქვს უფლება, ნებისმიერ სახელმწიფოში რუსეთის მოქალაქეების (თუმცა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრებნი რუსეთის მოქალაქეებად რუსული პასპორტების უკანონოდ დარიგებით იქცნენ) ან საერთოდ ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით შეიყვანოს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეიარაღებული ძალები, დაბომბოს დასახლებული პუნქტები, გაანადგუროს ინფრასტრუქტურა და დაიპყროს ამ სახელმწიფოს ტერიტორიები. ეს არის ადამიანის უფლებების პატივისცემის სრული პროფანაცია და საერთაშორისო ურთიერთობებში ძალით დამუქრებისა და ძალის გამოყენების აკრძალვის პრინციპის უხეში დარღვევა.

ძალის გამოყენების ყველაზე საშიშ ქმედებად მიჩნეულია აგრესია, რომელიც მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. აგრესია არის სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიის ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები შეიძლება შეფასდეს, მხოლოდ და მხოლოდ, როგორც სამხედრო აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელმაც ხელახლა გამოიწვია ზემო აფხაზეთიდან 2500-მდე და ცხინვალის რეგიონიდან 30 000-მდე ქართველის გამოძევება – ეთნიკური წმენდა. დაღუპულია მრავალი მშვიდობიანი მცხოვრები და განადგურებულია მათი საცხოვრებელი სახლები. ეთნიკური წმენდა საერთაშორისო სამართალში აღიარებულია ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სახეობად და გენოციდის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმაა. ბოლო ხანებში სწორედ გენოციდი და ეთნიკური წმენდა იქცა აგრესიული სეპარატიზმის ძირითად იარაღად. აგრესიული სეპარატიზმი ორგანიზებული დანაშაულის უმაღლესი ფორმაა. რუსეთი კი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის იდეით ხელს უწყობს და ამართლებს აგრესიულ სეპარატიზმს, ეთნიკურ წმენდას, მოსახლეობის დარბევას, საკუთრების ხელყოფას და დანაშაულებრივი გზით სახელმწიფოს წარმოქმნას. საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, საქართველო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა, ყველა საშუალებით, მათ შორის, იძულებითი ზომებით, აღკვეთოს თავის ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ნებისმიერი გამოვლინება, მით უმეტეს, როდესაც ეთნიკური წმენდის ფაქტები დადასტურებულია კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ აუცილებლობად უნდა იქნეს მიჩნეული.

2008 წლის 25 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ბრძანა: “რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობით მსოფლიოში ხელი ეწყობა აგრესიულ სეპარატიზმს და ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია, ხმა აღიმაღლოს ამის წინააღმდეგ. სეპარატიზმი გადამდები, ცენტრიდანული, საშინელი ძალაა, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს საფუძვლებს და, თუ მას სერიოზული გასაქანი მიეცა, დედამიწას ქაოსი მოიცავს. მცირე ერები ყველა სახელმწიფოშია და მათ რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოინდომონ, ბუნებრივია, დაიწყება დაუსრულებელი ომები.”

 

საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ომის დროს და გამოვლენილი ხარვეზები

კომისიის აზრით, საქართველოს ხელისუფლების აგვისტომდელი პერიოდის მთავარ ხარვეზად რუსეთის “სამშვიდობოების” ოფიციალური დელიგიტიმიზაციის განუხორციელებლობა შეიძლება ჩაითვალოს. მოწვეულმა პირებმა კომისიას მოახსენეს, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხში, 2008 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული (სწორედ მარტ-აპრილში იხილებოდა ეს საკითხი მაღალ პოლიტიკურ დონეზე), გაითვალისწინა მოკავშირეთა რჩევა და სიტუაციის დაძაბვისა და მკვეთრი ესკალაციის რისკის არდასაშვებად არ გადადგა, ჩვენი მოკავშირეების აზრით, ეს კონფრონტაციული ნაბიჯი. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა კონტექსტში კონსტრუქციულმა მიდგომამ ,,სამშვიდობოთა” საკითხთან მიმართებით ვერ შეასრულა რუსეთის ფედერაციის შემაკავებელი ფუნქცია. რუსეთის ფედერაციამ საკუთარი ,,სამშვიდობო” კონტინგენტი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სრულმასშტაბიან მონაწილედ აქცია – ერთი მხრივ, “სამშვიდობოებზე” “თავდასხმის” ფაქტი გამოიყენა აგრესიის დაწყების ერთ-ერთ საბაბად და, მეორე მხრივ, მათი შტაბიდან ხორციელდებოდა შეტევა საქართველოს მოსახლეობაზე.

კომისიის მიერ ჩატარებული მოსმენებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ელოდა და არ იყო მზად ისეთი მასშტაბის აგრესიისათვის, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა. საგანგაშო სიგნალები რუსეთის მხრიდან ზემო აფხაზეთის ან ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სოფლების მიმართულებით სავარაუდო შეტევებზე სადაზვერვო სამსახურებსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ჰქონდათ, მაგრამ რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის ნაწილების 7 აგვისტოს დილით როკის გვირაბის გავლით შემოჭრა და განსაკუთრებით 9 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის ზრდა მოულოდნელი მასშტაბის აღმოჩნდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვეების განმავლობაში ყველა შესაბამის თანამდებობის პირს ჰქონდა ინფორმაცია სიტუაციის გართულების და მოსალოდნელი ესკალაციის შესახებ, მაგრამ სათანადო დონეზე ვერ მოხდა მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის ანალიზი. ივლისის ბოლოს საქართველოს საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის მასშტაბური სამხედრო წვრთნები და კონფლიქტის ზონაში შეტაკებათა მომრავლება საქართველოს ხელისუფლებამ პროვოკაციათა ტრადიციულ ტალღად აღიქვა. შესაბამისად, აშკარაა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭომ ვერ განახორციელა მოსალოდნელი სიტუაციის ადეკვატურ ქმედებათა დროული დაგეგმვა და შემდგომში, უკვე 7 აგვისტოს დილიდან, ფორსმაჟორულ რეჟიმში უწევდა მოქმედება. მეტიც, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია, როგორც დღეს ირკვევა, მცდარად, მხოლოდ დაბალი ალბათობით უშვებდა რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის საფრთხეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მოკავშირე მუდმივად სვამდა საკითხს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან თავდასხმის მაღალი ალბათობა გამორიცხულიყო ყველა კონცეპტუალური დოკუმენტიდან, როგორც კონფრონტაციული მიდგომა.

7 აგვისტოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია რუსეთიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის შემოყვანის შესახებ; ამის თაობაზე ცნობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოსვე, დღისით გაავრცელა. თუმცა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციის როგორც ფართო საგარეო აუდიტორიისათვის, ისე ქვეყნის შიგნით მიწოდების ინტენსივობა არ იყო სათანადო. ხელისუფლება 7 აგვისტოს დილით შემოჭრის შესახებ პირველ საათებში მხოლოდ საერთაშორისო სამთავრობო და პოლიტიკური წრეების სწრაფი ინფორმირებით შემოიფარგლა. მაღალი რანგის თანამდებობის პირთა განმარტებით, ეს იმით აიხსნება, რომ 7 აგვისტოს დილით შემოჭრის შემდეგ, ინტერვენციის სამხედრო თვალსაზრისით კონფლიქტის ზონაში ლოკალიზაციის პარალელურად, შემოჭრის პირველ საათებში საქართველო კონფლიქტის პოლიტიკური თვალსაზრისით ლოკალიზაციასაც ცდილობდა. თუმცა 8 აგვისტოს რუსული მოიერიშეები და ბომბდამშენები უკვე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდნენ.

სიტუაციის გართულების პარალელურად, ხელისუფლებამ ვითარების მართვის რამდენიმე ცენტრი შექმნა. მუდმივ რეჟიმში იკრიბებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები. საქართველოს პარლამენტში ვითარების შესაბამისად შეიქმნა წამოჭრილ საგანგებო საკითხებზე მომუშავე პარლამენტის წევრთა ჯგუფები (იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების, ლოგისტიკის, აგრესიისა და ეთნიკური წმენდის ფაქტების შესწავლის, მასმედიასთან ურთიერთობის და ა.შ.). ისინი ფუნქციონირებდნენ ეკონომიკური, საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებებით.

მიუხედავად იმისა, რომ ფორსმაჟორული მართვის ამ მეთოდმა პრაქტიკული შედეგები მოიტანა – მოხერხდა მთელი კრიზისის განმავლობაში ქვეყნის შეუფერხებელი მომარაგება საკვებით, საწვავით, მედიკამენტებით, არ შექმნილა მწვავე სასურსათო დეფიციტი ან ფინანსური პანიკა – უნდა ითქვას, რომ საგანგებო ვითარებების დროს მთავრობის მართვის ფორმალიზებული, დადგენილი წესი განსხვავებულ მექანიზმს გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებობს ნორმატიული აქტი – საქართველოს მთავრობის დადგენილება საგანგებო მდგომარეობის დროს სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საომარ და საგანგებო სიტუაციებში მთავრობის წევრთა ფუნქციებსა და მოქმედებებს. ასეთი ტიპის კომისია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით არ შექმნილა, რამაც გამოიწვია მთავრობის წევრთა არაკოორდინირებული მოქმედება.

ამავე დადგენილი წესით მოქმედების უგულებელყოფის უარყოფითი შედეგის ნათელი მაგალითია აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების ხელმძღვანელობის არაადეკვატური მოქმედება აგრესიის პერიოდში. მაგალითად, კოდორის ხეობიდან მოსახლეობისა და პოლიციური შენაერთების ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად უწევდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აქიშბაიამ საერთოდ ვერ მოახერხა ზემო აფხაზეთში, კოდორის ხეობაში მოხვედრა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ მჟავიამ კი კოდორის ხეობა 9 აგვისტოს დატოვა. ლეგიტიმური მთავრობის მოქმედების შესწავლა სცილდება დროებითი კომისიის კომპეტენციას, ამიტომ ბატონი აქიშბაიას ჩვენების სტენოგრამა გადაეგზავნება საქართველოს პროკურატურას აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირებისათვის.

საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გელა ბეჟუაშვილმა კომისიას მოახსენა, რომ პოსტსაომარ პერიოდში მის ხელთ აღმოჩნდა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მან ეკონომიკური განვითარების მინისტრს მიაწოდა. მოგვიანებით ბატონმა ბეჟუაშვილმა შეასწორა ინფორმაცია და მის მიმღებად ენერგეტიკის მინისტრი დაასახელა. მოკვლევა, თუ რამდენად ადეკვატური იყო ენერგეტიკის სამინისტროს რეაგირება და გადაწყვეტილებები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სცილდება დროებითი კომისიის კომპეტენციას, ამიტომ ზემოაღნიშნული მასალები გადაეგზავნება საქართველოს პროკურატურას აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირებისათვის.

გამოიკვეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს სუსტი მხარეებიც. ამ სფეროში არ არსებობს ელჩებისათვის შემუშავებული საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო სპეციალური გეგმა და წერილობითი ინსტრუქცია, არ ხდება ელჩების საქმიანობის სათანადო კონტროლი. ამის დასტურია რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კომისიის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი მოხსენებითი ბარათები, რომლებშიც საერთოდ არ არის ასახული რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების არსებობა, რაც ელჩის მხრიდან საქმისადმი გულგრილ მიდგომას მოწმობს. მნიშვნელოვანი ხარვეზები საკადრო პოლიტიკის სფეროს განეკუთვნება. აგვისტოს ომის პერიოდში იყო შემთხვევა, როცა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლადო ჭიპაშვილმა თვითნებურად შეწყვიტა დაკისრებული მოვალეობის შესრულება. კრიტიკას ვერ უძლებს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ერასტი კიწმარიშვილის ქმედებაც. მას შემდეგ, რაც საქართველომ 10 ივლისს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთის ფედერაციიდან ელჩი კონსულტაციისათვის გამოიძახა, მან, მოქმედმა ელჩმა, საჯარო განცხადებაში საკუთარი ქვეყანა გააკრიტიკა, ხოლო 6 აგვისტოდან მოყოლებული, ინფორმაციის მისაღებადაც კი არ დაკავშირებია საგარეო საქმეთა სამინისტროს.

იმავე ელჩისაგან კომისიამ მიიღო ინფორმაცია საქართველოში პოლიტიკური ჯგუფის არსებობის თაობაზე, რომელიც აშშ-ის პოზიციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით აქეზებდა ხელისუფლების მმართველ პირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღსადგენად. მისი ინფორმაციის გადასამოწმებლად კომისიამ მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს, რომლებმაც არ დაადასტურეს ასეთი ჯგუფის არსებობა. ყოფილი ელჩის, ერასტი კიწმარიშვილის ჩვენების სტენოგრამა გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირებისათვის.

სერიოზული ხარვეზები გამოვლინდა თავდაცვის სფეროში. გაერთიანებული შტაბის უფროსის ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ პრობლემები არსებობდა სამხედრო კავშირგაბმულობის სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ არმია აღჭურვილი იყო შესაბამისი თანამედროვე ტექნიკით, ამ ტექნიკის გამოყენებისა და გამართული ფუნქციონირებისათვის არ განხორციელებულა საკმარისი ტრენინგი, რამაც თავი იჩინა საბრძოლო მოქმედებების დროს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია რეზერვის სისტემა. საომარმა მოქმედებებმა გამოავლინა ამ სისტემის სრული არაადეკვატურობა ყველა დონეზე – როგორც ფუნქციონირების კონცეფციის, ისე დაგეგმვის, მომზადების და ოპერაციების შესრულების დონეებზე.

საომარი მოქმედებების პირველ საათებში თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციური სტრატეგიის თვალსაზრისით არასაკმარისი მზაობისა და ინფორმაციის გაცემის კოორდინაციის არქონის მიზეზით, გენერალ მამუკა ყურაშვილის მიერ გაკეთებული შეუთანხმებელი განცხადება ე. წ. “კონსტიტუციური წესრიგის დამყარებასთან დაკავშირებით” მომავალში გამოყენებულ იქნა საქართველოს საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ კამპანიაში, თუმცა ბატონი ყურაშვილი კომისიისთვის მიცემულ განმარტებაში ამ ფაქტს აცნობიერებს და მნიშვნელოვანი ფიზიკური და ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმით ხსნის.

თავდაცვის სამინისტროში სათანადო დონეზე ვერ განხორციელდა სტრატეგიული დაგეგმვა. შეიარაღების გარკვეული ნაწილის დაკარგვა განაპირობა ხარვეზებმა ოფიცერთა საკადრო პოლიტიკაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ოფიცერთა გარკვეულ კონტინგენტს რუსეთის აგრესიამდე მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა დასრულებული სასწავლო კურსი. გაერთიანებულ შტაბს არ ჰქონია წინასწარ შემუშავებული ორგანიზებულად უკან დახევის გეგმა და ოპერატიულ რეჟიმში უწევდა გადაწყვეტილებების მიღება. ეს ფაქტი მიანიშნებს გაერთიანებული შტაბის მხრიდან საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვის სისუსტეზე.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად აწარმოებდა სამხედრო შესყიდვებს, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სფეროში სწორად იყო გაანალიზებული ამ მიმართულების უდიდესი მნიშვნელობა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და დამატებითი თანხებიც იყო გამოყოფილი, დამატებითი შესყიდვები ვერ განხორციელდა საქართველოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ხელთ არსებული საჰაერო თავდაცვის მწირი საშუალებები აგვისტოში მაქსიმალურად იქნა გამოყენებული. აღნიშნული ნაკლოვანებების შესწავლა სცილდება დროებითი კომისიის კომპეტენციას, ამიტომ ეს საკითხი საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფმა უნდა განიხილოს.

კომისიის აზრით, გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლა თავდაცვის სამინისტროს შენობის ევაკუაციის საკითხის შესახებ სცილდება დროებითი კომისიის კომპეტენციას და ცალკე უწყებრივი მოკვლევის საგანია. მიღებული ინფორმაცია გადაეგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურას აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირებისათვის.

კომისიის მუშაობის პერიოდში მოწვეული თანამდებობის პირებისთვის სამოქალაქო თავდაცვის კუთხით დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები მიუთითებს იმაზე, რომ სამოქალაქო თავდაცვის სისტემა ადეკვატურად არ ფუნქციონირებს და მას ჯეროვანი ყურადღება არ ეთმობა. რაც შეეხება სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს, ისინი ხშირ შემთხვევაში არ არსებობს ან ფორმალური ხასიათი აქვს – გამონაკლისია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საომარი მოქმედებების პირობებში მნიშვნელოვანი ხარვეზებით შესრულდა სამოქალაქო თავდაცვის ჟენევის კონვენციის დამატებით პირველ ოქმში მითითებული სამოქალაქო თავდაცვის პირველი და მეორე ამოცანები – შეტყობინება და ევაკუაცია.

კომისიის მიერ ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთადერთი უწყება აღმოჩნდა, რომელიც ხელმძღვანელობდა წინასწარ შემუშავებული “სამოქალაქო თავდაცვის გეგმით”. სამინისტროში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რესურსების მართვას საგანგებო სიტუაციებში. კვარტალურად მოწმდება არსებული რეზერვები, სამედიცინო პესონალს გავლილი აქვს სპეციალური სწავლებები საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების შესახებ; არსებობდა როგორც მედიკამენტების, ისე სისხლის ბანკის მარაგი 12 000 ადამიანზე; რუსული აგრესიის მიმდინარეობისას რეაგირებაში ჩართული იყო 111 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, 14 რეანომობილი; სამედიცინო კუთხით მონაწილეობდა 43 სამედიცინო დაწესებულება. ჰოსპიტალიზებული იყო 2300 ადამიანი, რომელთაგან ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში გარდაიცვალა მხოლოდ 3 მძიმედ დაჭრილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა მაღალი რანგის თანამდებობის პირი, რომელიც აგვისტოში შვებულებების გამო საზღვარგარეთ იმყოფებოდა, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დაბრუნდა ქვეყანაში და პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის საგანგებო დავალების (ენერგეტიკის მინისტრის გამგზავრება აზერბაიჯანში, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში) გარეშე ქვეყანა არ დაუტოვებია.

კომისიას არ შეუმუშავებია კონკრეტული საკადრო ცვლილებების რეკომენდაციები, ვინაიდან კომისიის მუშაობის პერიოდში საკადრო ცვლილებების შედეგად, თანამდებობები დატოვეს პრემიერ-მინისტრმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაერთიანებული შტაბის უფროსმა, სხვადასხვა რანგისა და რგოლის სამხედრო მეთაურებმა, მაღალი რანგის დიპლომატებმა.

 

რეკომენდაციები

ვინაიდან რუსული აგრესია დასრულებულად ჩაითვლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოში რეინტეგრაციის შემდეგ და კვლავ დიდია საფრთხე, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ემუქრება, გამოვლენილი ხარვეზების დროული ანალიზი და აღმოფხვრა საქართველოს ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

აგვისტოს ომის კონტექსტში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად კომისიამ შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები:

1. ეროვნული უშიშროების საბჭომ გადახედოს ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციას, არსებული რისკების ადეკვატურად გათვალისწინების მიზნით;

2. ეროვნული უშიშროების საბჭომ შეიმუშოს საფრთხეების შესახებ ადრეული შეტყობინების ადეკვატური სისტემა;

3. ეროვნული უშიშროების საბჭომ და მთავრობამ ჩამოაყალიბონ და შეაჯერონ კრიზისების მართვის ერთიანი ცენტრის კონცეფცია;

4. ეროვნული უშიშროების საბჭომ, მთავრობამ, შესაბამისმა სამინისტროებმა შეიმუშაონ კრიზისის დროს კომუნიკაციის ადეკვატური სტრატეგიები;

5. ეროვნული უშიშროების საბჭომ და მთავრობამ გადახედონ სამოქალაქო თავდაცვის კონცეფციას და შეიმუშაონ საფრთხეების ადეკვატური სამოქალაქო თავდაცვის გეგმები;

6. ძირეულად იქნეს გადახედილი რეზერვისტთა მომზადებისა და მობილიზაციის სისტემები;

7. თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს ადეკვატური ღონისძიებები კავშირგაბმულობის სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის;

8. საქართველოს მთავრობამ განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება საჰაერო თავდაცვის დანაკლისის შესავსებად და შედეგები რეგულარულად მოახსენოს საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფს;

9. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელთათვის შემუშავდეს კრიზისების დროს მოქმედების ინსტრუქცია;

10. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს დიპლომატიურ სამსახურში კვალიფიციური კადრების მოზიდვის და განვითარების საკითხს;

11. საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები მუდმივ რეჟიმში იყვნენ ჩართული აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში;

12. აღნიშნული სისტემური პრობლემები აყენებს კრიზისული საკადრო ცვლილებების აუცილებლობას შესაბამისი უწყებების როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თანამდებობის პირებს შორის.

 

დასკვნა

2008 წლის 7 აგვისტოს დილის 3 საათიდან, როკის გვირაბზე უშუალო კონტროლის ოსური ჯგუფებისგან გადაბარების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების კოლონებმა მასობრივად დაიწყეს შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. იმავდროულად, მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლი გაიხსნა ქართული სოფლების მიმართულებით დიდი ლიახვისა და ფრონეს ხეობებში.

7 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გამოცხადდა მზადყოფნა, ხოლო საღამოს 7 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა განახორციელა ბოლო მცდელობა ომის თავიდან ასაცილებლად – საჯარო განცხადებით გამოაცხადა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტა კონფლიქტის რეგიონში.

მას შემდეგ, რაც დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცეცხლი არ შეწყვიტეს, ხოლო რუსული სამხედრო კოლონების როკის გვირაბში შემოდინება არ შენელდა, საქართველოს პრეზიდენტმა გაერთიანებული შტაბის უფროსს მისცა ბრძანება საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოქმედების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა გასცა შემდეგი ბრძანებები:

- შემოჭრილი სამხედრო კოლონების შეჩერების;

- მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობის;

- სამოქალაქო პირთა დაცვის.

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებმა ოპერაციის განხორციელება დაიწყეს. ცხინვალისა და ჯავის რაიონებში განლაგებული საცეცხლე წერტილების ჩასახშობად გამოყენებულ იქნა არტილერია და ავიაცია.

უკვე 8 აგვისტოს დილიდან რუსეთის ფედერაციის არმიამ, საზღვაო ფლოტმა და სამხედრო ავიაციამ საბრძოლო მოქმედებები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გაშალეს. განხორციელდა მასობრივი შეტევა ზემო აფხაზეთზე. დღეების განმავლობაში იბომბებოდა საქართველოს ყველა მხარე.

ფართომასშტაბიანი ინტერვენციის მიზეზად რუსეთის ფედერაციამ, ქართველების მიერ ოსების გენოციდი” დაასახელა და ,,2000 მშვიდობიანი ოსი” მოქალაქის განადგურების ვერსია წარმოადგინა, მაგრამ მოგვიანებით, როცა ყველა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და სახელმწიფომ ეს ფაქტები გამონაგონად გამოაცხადა117, ამგვარი ფაქტები რუსული ოფიციალური ვერსიიდანაც ამოიღეს.

რიცხობრივად და შეიარაღებით უთანასწორო ძალების დაპირისპირების შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბრძანების შესაბამისად, დედაქალაქის დასაცავად უკან დაიხიეს. საქართველოს რეგულარული არმიის თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, სამხედრო ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა უკან დახევა სახელმწიფოებრიობის ბოლო ფორპოსტის – თბილისის დასაცავად.

5-დღიანი ბრძოლის შემდეგ საომარი მოქმედებები აქტიური საერთაშორისო ჩარევის შედეგად შეწყდა.

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ნაწილებმა დაიკავეს ზემო აფხაზეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობები, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რაიონების ნაწილი, კონტროლი დაამყარეს ქვეყნის მთავარ საგზაო მაგისტრალზე.

მოგვიანებით, აქტიური საერთაშორისო ჩარევის შედეგად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიერ ინიციირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით რუსეთის ფედერაციამ გაიყვანა საოკუპაციო შენაერთები ზოგიერთი ტერიტორიიდან.

ამჟამად რუსეთის ფედერაციის ძალები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას. უკანონო ოკუპაცია ვრცელდება როგორც მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მოვლენების შედეგად, ისე 2008 წლის აგვისტოს აგრესიის შემდეგ დაკავებულ დამატებით ტერიტორიებზე, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს. რუსეთის მიერ და მისი სახელმწიფო მოხელეების უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბებულია მარიონეტული დე-ფაქტო რეჟიმები.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილი ქონდა რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის და ოსური შეიარაღებული ჯგუფების წარმომადგენლების მიერ ადამინის უფლებების უხეში დარღვევების, მშვიდობიანი მოსახლეობის და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაყაჩაღების, ტყვეების წამებისა და დახვრეტის ფაქტებს. კომისია მიმართავს საქართველოს პროკურატურას, დამნაშავე პირების მიმართ გაატაროს საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების, შეიარაღებული ძალების და ხელისუფლების წარმოამდგენლების მიმართ, თუ დადგინდა მათი მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დაღვევის შემთხვევები.

რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის დარღვევით საქართველოს ტერიტორიაზე აღიარა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო – აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. ანალოგიური ქმედებისათვის მზადყოფნა საერთაშორისო სამართლის სუბიექტთაგან მხოლოდ ნიკარაგუამ გამოთქვა.

რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა წლების განმავლობაში მზადდებოდა. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეჩერების, დე-ფაქტო რეჟიმებისათვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს ვალდებულების რეჟიმიდან გამოსვლის, მათთვის ყოველმხრივი, ღია და დაუფარავი დახმარების პოლიტიკის გატარების შემდეგ რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა.

საქართველომ დროებით დაკარგა დე ფაქტო კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ მოახერხა დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.

მიღებული უმძიმესი დარტყმის მიუხედავად, საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება, როგორც სუვერენულმა, დემოკრატიულმა, ცივილიზებულმა სახელმწიფომ და საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების გამოყენებით უნდა მოაგვაროს კონფლიქტები რუსეთის ფედერაციასთან და მის მიერ მართულ დე-ფაქტო რეჟიმებთან.

ევროპული და საქართველოს ხალხის მიერ რეფერენდუმით დადასტურებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების გზით საქართველომ უნდა შექმნას საკუთარი მომავალი უსაფრთხოების მყარი გარანტია.

ეს თავდასხმა, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბოლო წლების პერმანენტული პროვოკაციებისგან განსხვავებით, იყო აგრესიის სრულიად ახალი მასშტაბის გამოვლინება, რომელიც მყისიერ და აშკარა საფრთხეს უქმნიდა საქართველოს სუვერენიტეტს და მოსახლეობის უსაფრთხოებას. მასობრივი სამხედრო შემოჭრისა და საარტილერიო დაბომბვის ფაქტორების ერთობლიობა მიუთითებდა, რომ რუსეთის ფედერაციამ ოსურ სამხედრო დაჯგუფებებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო მოქმედებები, რომელთა აღსაკვეთად საქართველო იძულებული იყო ეწარმოებინა თავდაცვითი ომი.

აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოქმედებებით მოახერხა რუსული სამხედრო აგრესიის შეჩერება. ამავე დროს, თავი იჩინა მნიშვნელოვანმა სისტემურმა და საკადრო ხარვეზებმა. კომისია თვლის, რომ ამ პრობლემებზე რეაგირება უნდა მოხდეს თანამიმდევრულად და ოპერატიულად.

 

1იხ. დანართი 1

2GEORGIA/ABKHAZIA:VIOLATIONS OF THE LAWS OF WAR AND RUSSIA'S ROLE IN THE CONFLICT, Human Rights Watch, Vol. 7, No. 7, March 1995, URL: http://www.hrw.org/legacy/reports/1995/Georgia2.htm

3Georgia Shoots Down a Russian Plane, New York Times, March 20, 1993, URL: http://query.nytimes.com/gst/fullpage.html?res=9F0CE7DE1331F933A15750C0A965958260

4მძიმე ტექნიკის გაყვანისათვის, საქართველომ რუსეთის ფედერაციას გემების ქირის საფასურიც კი გადაუხადა.

5Баеанец Виктор Николаевич, Генштаб Без Тайн (Варгиус: Москва, 1999) URL: http://militera.lib.ru/research/baranets1/index.html აღნიშნულ გამოცემაში, რუსეთის გენშტაბის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი ვიქტორ ბარანეცი აღნიშნავს, რომ ქართული მხარის ბრალდებების უარყოფა გუდაუთის ბაზიდან აფხაზური მხარისათვის იარაღის მიწოდების, ომში რუსული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის უშუალო მონაწილეობისა და რუსეთის სამხედრო ავიაციის გამოყენების შესახებ „შეუძლებელი იყო.“ მაგალითისთვის, იგი დეტალურად აღწერს გუდაუთის ბაზიდან იარაღის „მოპარვის“ ინსცენირების და სამხედრო ავიაციის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენების მრავალ შემთხვევას. მხოლოდ რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების 345-ე პოლკმა ერთ კონკრეტულ ბრძოლაში აფხაზეთის ტერიტორიაზე 24 მებრძოლი დაკარგა, რომელთაგან ერთ-ერთი ვიტალი ვოლფი, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისათვის „რუსეთის გმირის“ ორდენით დაჯილდოვდა, რაც აღნიშნული ნაწილის ოფიციალურ საიტზეც დასტურდება. URL: http://www.combat345.ru/biography0310.html. აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღდეგ მონაწილეობას არ მალავს არც მაშინდელი ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა, გენერალი ალეკსეი სიგუტკინი. დღეისათვის რუსეთის დუმის წევრი პსკოვიდან და დუმის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სიგუტიკინი ოფიციალურ ბიოგრაფიაში ამაყად აღნიშნავს „მონაწილეობა აფხაზეთის ომში.“ იხ. გენერალ სიგუტკინის ოფიციალური ვებ გვერდი URL: http://www.sigutkin.ru/biography

6Kevin Fedarko, J.F.O. McAllister/Washington and Yuri Zarakhovich/Sukhumi, „Siege of Sukhumi“ TIMES, 04.10.1993, URL: http://www.time.com/time/magazine/article/0,9171,979327,00.html აგრეთვე იხ. Svetlana Chervonnaya, Conct n The Caucasus: Geoga, Abkhazia and Rusian Shadow, (Gothic Images: Glastonbury, 1996); Svante Cornel, Small Nations and Great Powers: A Study of Ethnopolitical Conflict in Caucasus (Curzon: London, 2000). fli i r i s

7C. Dale “The Dynamics and Challenges of Ethnic Cleansing: The Georgia—Abkhazia Case,” Refugee Survey Quarterly.1997; Issue 16 pp. 77-109. აგრეთვე Dov Lynch, The Conflict in Abkhazia, Dilemmas in Russian 'Peacekeeping' policy (London:The Royal Institute of International Affairs, 1998) გვ.15

8Bruno Coppieters, David Darchiashvili, Natela Akaba eds, Federal Practice: Exploring Alternatives for Georgia and Abkhazia (Brussels: VUB University Press, 1999) გვ. 32

9იხ. დანართი 2

10რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდი URL: http://www.smr.gov.ge/ge/abkhazia/conflict_chronology

11იხ. დანართი 3

12რუსეთის ფედერაციის კანონი მოქალაქეობის შესახებ 31.05.2002 N 62-ФЗ, URL: http://www.consultant.ru/popular/civic/ -

13იხ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ერასტი კიწმარიშვილის მიერ კომისიისათვის მიცემული ჩვენების სტენოგრამა, URL: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1322&info_id=21493

14Explosion Hits Transmission Line, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=8025&search=kartli-2 -

15UNOMIG Report on Kodori Attack,URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=15426

16ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებისშესახებხელშეკრულება - 1990 წელს დადებული ხელშეკრულება აწესებს შეზღუდვებს ევროპაში მძიმე შეიარაღების (ტანკი, საბრძოლო მანქანები, საარტილერიო დანადგარები, საბრძოლო თვითმფრინავები) რაოდენობაზე.

17Russia suspends arms control pact, BBC NEWS Service, URL: http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/6898690.stm

18რუსეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი, კოლექტიური სამშვიდობო ძალების ყოფილი წევრი, რომელიც მსახურობდა აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების განყოფილებაში კონტრაქტის საფუძველზე (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია)

19 რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორი, კოლექტიური სამშვიდობო ძალების ყოფილი წევრი (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია)

20 О выходе Российской Федерации из режима ограничений, установленных в 1996 году для Абхазии, МИНИСТЕРСТВО ИНОСТРАННЫХ ДЕЛ РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ, 06.03.2008, URL: http://www.mid.ru/brp_4.nsf/sps/648830C5AF867590C32574040046B653

21მოსკოვის 1994 წლის 15 აპრილის დეკლარაცია, ალმაათის 1995 წლის 10მ ტებერვლის მემორანდუმი, მინისკის 1995 26 მაისის განცხადება.

22Georgia Condemns Duma’s Call for S.Ossetia, Abkhaz Recognition URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=17433&search=eu

23Russia Moves to Legalize Ties with Abkhazia, S.Ossetia URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=17638

24Reports: Russia will not Revoke April 16 Decision, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=18753&search=18-24%20july

25იხ. დანართი 4, REPORT OF UNOMIG ON THE INCIDENT OF 20 APRIL INVOLVING THE

DOWNING OF A GEORGIAN UNMANNED AERIAL VEHICLE OVER THE ZONE OF CONFLICT, URL: http://www.unomig.org/data/other/080526_unomig_report.pdf

26Georgia and Russia: Clashing over Abkhazia, International Crisis Group, Europe Report N193, 5 June, 2008, URL: http://www.crisisgroup.org/home/index.cfm?id=5469

27Increase in Troops by Russia in Abkhazia, ‘not Wise’ – Solana, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=17724

28Russia Gives Some Details on Troop Increase in Abkhazia, URL: http://www.civilgeorgia.ge/eng/article.php?id=17786 და Increase in Troops by Russia in Abkhazia ‘not Wise’ – Solana, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=17724

29 MEPs debate the situation in Georgia amid escalating tension in the region, Press release, European Parliament, 07.05.2008, URL: http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-//EP//NONSGML+IM-PRESS+20080507IPR28481+0+DOC+PDF+V0//EN&language=EN იხ. დანართი 5 „ -

30Reports: Abkhaz Railway Repair Close to End,URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=18825&search=military%20basis

31Passenger Boat Launches Sochi-Gagra Trips, URL: http://www.civilgeorgia.ge/eng/article.php?id=18661&search=july

32იხ. დანართი 6

33Increase in Troops by Russia in Abkhazia ‘not Wise’ – Solana, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=17724

34Russia Confirms its Aircraft Intruded into Georgia, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=18748&search=18-24%20july

35Russian Military Practices Peace Enforcement in Conflict Zones, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=18782&search=military%20basis

36იხ. დანართი 7

37იხ. დანართი 8, აგრეთვე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდი URL: http://smr.gov.ge/ge/abkhazia/documents/bodens_document

38UN Security Council Resolution, S/RES/1393 (2002), 31 January, 2002,URL: http://www.unomig.org/data/file/364/1393_02.pdf

39 UN Security Council Press Release, SC/7651, URL: http://www.un.org/News/Press/docs/2003/sc7651.doc.htm

40იხ. საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდი, საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთოსეთისკონფლიქტის მშვიდობიანდარეგულირებასთან დაკავშირებით, URL: http://www.president.gov.ge/?l=G&m=0&sm=5

41საქართველოს კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიუროლქში კონფლიქტისშედეგადსაქართველოსტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ (მიღებულია 2006 წელს)

42Tbilisi Unveils Principles of Abkhazia Peace Plan, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=12789&search=Road%20map

43Senior Georgian, Abkhaz Officials Resume Contacts URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=16102

44Georgia’s UN Envoy Meets Abkhaz Leader in Sokhumi, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=17815&search=Alasania

45იხ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიერ კომისიისათვის მიცემული ჩვენების სტენოგრამა, URL: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1329&info_id=21481

46საქართველოს ხელისუფლების დელეგაცია შედიოდნენ: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია, საქართველოს წარმომადგენელი გაეროში ირაკლი ალასანია, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბოკერია და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა.

47დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: დე-ფაქტო მთავრობის ”საგარეო საქმეთა მინისტრი” სერგეი შამბა, ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია, საგადასახადო საქმეთა მინისტრი ვახტანგ ფიფია.

48Secret Abkhaz-Georgian Talks in Sweden, URL: http://www.civilgeorgia.ge/eng/article.php?id=18588

49იხ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიგა ბოკერიას ჩვენება, URL: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1329&info_id=21522

50 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფქატო მთავრობის შემადგენლობაში შედიოდნენ

აფხაზეთი

2008 წლის 30 აპრილს, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის დეკრეტით, რუს სამშვიდობოთა შტაბის ყოფილი უფროსი, ალექსანდრ პავლიუშკო დაინიშნა დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.

2005 წლის მარტიდან, აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსი არის ანატოლი ზაიცევი, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ცხინვალის რეგიონი

იური მოროზოვი - რუსი ბიზნესმენი, 2005 წლის 4 ივლისიდან სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი;

მიხაილ მინძაევი - ჩრდილოეთ ოსეთის მილიციის ყოფილი პოლკოვნიკი, 2005 წლის 25 აპრილიდან სამხრეთ ოსეთის შს მინისტრი;

ანატოლი ბარანკევიჩი - რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი, 2006 წლის 11 დეკემბრიდან სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი;

ბორის ატოევი - რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, 2006 წლის 9 ნოემბრიდან სამხრეთ ოსეთის სუკ-ის თავმჯდომარე;

ვასილი ლუნევი - ყოფილი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალ-მაიორი. 2008 წლის 1 მარტიდან სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი.

51Abkhaz Railway Consortium Set up, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=12496

52Abkhaz Politicians at Odds over Railway, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=12958&search=railway%20rehabilitation

53Georgia’s UN Envoy Meets Abkhaz Leader in Sokhumi, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=17815&search=Alasania

54იხ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ბოკერიას მიერ კომისიისათვის მიცემული ჩვენების სტენოგრამა, URL: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1329&info_id=21522

55 ჟენევის ურთიერთგაგების მემორანდუმი, 1993 წლის 1 დეკემბერი, იხ. დანართი 9; მოსკოვის ორმხრივი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის და მხარეთა დაშორიშორების შესახებ, 1994 წლის 14 მაისი. იხ. დანართი 10

56დაგომისის ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის, 1992 წლის 24 ივნისი

57 Solana: EU Seeks Deeper Engagement in Abkhazia,URL: http://www.civilgeorgia.ge/eng/article.php?id=18485

58 Georgia reports Shootout in S.Ossetia, URL: http://www.civilgeorgia.ge/eng/article.php?id=18854&search=july

59იხ. დანართი 11, Firing Incident in Sveri/Andzisi Area in the Georgian-Ossetian Zone of Conflict, OSCE Spot Report, Vienna, July 30, 2008

60MIA: Five Policemen Injured in S.Ossetia Blast, URL: http://www.civilgeorgia.ge/eng/article.php?id=18868&search=august

61MIA: Seven Georgians Injured in S.Ossetia Shootout, URL http://www.civilgeorgia.ge/eng/article.php?id=18872&search=august

62A Month after the War: Violations of Human Rights and Norms of Humanitarian law in the Conflict Zone in South Ossetia, Press-release, Memorial“ Human Rights Center September 11, 2008

63 იხ. დანართი 12

64იხ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ კომისიისათვის მიცემული ჩვენების სტენოგრამა, URL: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1322&info_id=20958

65 იხ. დანართი 13, Update on the situation in the zone of the Georgian-Ossetian conflict, Spot Report, Vienna, August 7, 2008

66Eyewitness Accounts Confirm Shelling Of Georgian Villages, URL: http://www.rferl.org/content/Eyewitness_Accounts_Confirm_Shelling_Of_Georgian_Villages/1349256.html

67Georgia calls on EU for independent inquiry, Luke Harding, Guardian, November 19, 2008, URL: http://www.guardian.co.uk/world/2008/nov/19/georgia-russia-eu-media-inquiry

68Georgia Offers Fresh Evidence on War’s Start, New York Times, September 15, 2008, URL: http://www.nytimes.com/2008/09/16/world/europe/16georgia.html?partner=rssnyt&emc=rss

69Phone conversation interception of separatist militia confirming the death of Georgian military servicemen and civilians is available.

70 იხ. რუსეთის აგრესიის პერიოდში საქართველოს შეირაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, ზაზა გოგავას მიერ კომისიისათვის მიცემული ჩვენების სტენოგრამა, URL: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1329&info_id=21053

71დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან კომუნიკაციაზე სამინისტროს სახელწოდების გამო. საქართველოს პრეზიდენტმა ხელოვნური დაბრკოლებების თავიდან არიდების მიზნით მინისტრს მიანიჭა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსი.

72Tskhinvali Denies Having Agreed to Talks, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=18898

73State Minister Meets Chief Russian Peacekeeper, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=18926&search=Iakobashvili

74 იხ. პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, თემურ იაკობაშვილის მიერ კომისიისათვის მიცემული ჩვენების სტენოგრამა, URL: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1329&info_id=21004

75იხ.დანართი 13, Update on the situation in the zone of the Georgian-Ossetian conflict, Spot Report, Vienna, August 7, 2008,

76S.Ossetian Talks Scheduled for August 7 – Official, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=18897&search=august

77 იხ. დანართი 14, Situation in the zone of the Georgian-Ossetian conflict, Update No. 1, OSCE Spot Report, Vienna, August 08, 2008

78 იხ. საქართველოს შეირაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის მიერ კომისიისათვის მიცემული ჩვენების სტენოგრამა, URL: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1322&info_id=21019

79 Georgia calls on EU for independent inquiry, Luke Harding, Guardian, November 19, 2008, URL: http://www.guardian.co.uk/world/2008/nov/19/georgia-russia-eu-media-inquiry

80იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია, URL: http://81.95.174.252/index.php?lang_id=GEO&sec_id=1322&info_id=21527

81Российская армия подошла к границе Южной Осетии, URL: http://life.ru/news/27624/

82СМИ: Российские войска вошли в Южную Осетию еще до начала боевых действий,URL:

http://newsru.com/russia/11sep2008/voshli.html

83 ”Что война будет, мы знали еще в начале августа“, URL: http://www.kp.ru/daily/24147/364238/

84 Пермские солдаты оказались в эпицентре войны, URL: http://www.permnews.ru/story.asp?kt=2912&n=453

85 http://voinodel.livejournal.com/33871.html?thread=916559#t916559

86Scene At Russia-Georgia Border Hinted At Scripted Affair, Brian Whitmore, RADIO FREE EUROPE/RADIO LIBERTY, August 23, 2008

87Russia prepared war with Georgia and It was started by Russia, Andrey Illarionov, URL: http://digitalcaucasus.blogspot.com/2008/10/andrei-ilarionov-russia-prepared-war.html

88Russian analyst predicted Russian invasion 2 months before!, Newspaper “Rezonansi”, Interview with Pavel Felgenhauer, URL: http://virtualcollector.blogspot.com/2008/08/russian-analyst-predicted-russian.html

89იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია, URL: http://81.95.174.252/index.php?lang_id=GEO&sec_id=1322&info_id=21527

90Saakashvili Says Russia Hit Pipeline; BP Unaware, URL: http://www.civil.ge/eng/article.php?id=19066&search=cluster%20bombs

91Georgian Villages in South Ossetia Burnt, Looted,URL: http://hrw.org/english/docs/2008/08/13/georgi19607.htm

92Revised figures push number of Georgia displaced up to 192,000, URL: http://www.unhcr.org/georgia.html?page=news&id=48ca8d804

93Interview with the South Ossetian Separatist leader Eduard Kokoity with Russdian newspaper “Komersant” from 15.08.08; No144, URL: http://www.kommersant.ru/doc.aspx?fromsearch=ef093ba1_b275_41da_8576_5d73596075da&docsid=1011783 and Interview with the Speaker of South Ossetia Separatist parliament Znaur Gasiev with newspaper “Komsomolskaia Pravda” from 22.08.08, URL: http://kp.ru/daily/24150/366813

94Human Rights Watch: Russia inflating casualty figures, URL: http://www.guardian.co.uk/world/2008/aug/14/georgia.russia1

95ახალგორის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა Human Rights Watch–თან საუბრისას განაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში საავადმყოფოში ნაცემი და მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს სოფელ ყანჩავეთის მკვიდრი, ვინმე თამაზი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მისი განცხადებით, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა სცადა მისი ცხვრის მოპარვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა მას სასტიკად სცემეს. დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

20 ნოემბერს Human Rights Watch–ის წარმომადგენლები დაესწრნენ გარდაცვლილის დაკრძალვის პროცესს, რომელიც აგრესიულად განწყობილმა, სავარაუდოდ, მთვრალმა სამხედროებმა ჩაშალეს; ისინი იარაღით ემუქრებოდნენ დამკვირვებლებს. ტოკშინა კატეგორიულად მოითხოვს რუსეთის ხელისუფლებისგან მსგავს ფაქტებზე რეაგირებას და მათ აღკვეთას.

Human Rights Watch–თან საუბრისას ახალგორის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა ასევე გაიხსენა ნოემბრის შუა რიცხვებში მომხდარი ფაქტი, როდესაც სოფელ კორინთას მკვიდრი, 83 წლის ილო, მიიყვანეს საავადმყოფოში. მისი განცხადებით, ოთხმა ფორმიანმა პირმა მას მარტო იმიტომ სცემა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურათი ეკიდა კედელზე და ამბობდა, რომ სააკაშვილი მისი პრეზიდენტი იყო.

96 Document - Georgia, Russia: Suffering of civilians must stop and abuses must be investigated, Amnesty International Public Statement, August 14, 2008

URL: http://www.amnesty.org/en/library/asset/EUR56/007/2008/en/4dfeef19-6a25-11dd-8e5e-43ea85d15a69/eur560072008eng.html

97A Month after the War: Violations of Human Rights and Norms of Humanitarian law in the Conflict Zone in South Ossetia, Press-release, Memorial“ Human Rights Center September 11, 2008

98იხ. ვე-გვერდი URL: http://unosat.web.cern.ch/unosat/

99The human cost of war in Georgia,Amnesty International News, 1 October 2008 URL: http://www.amnesty.org/en/news-and-updates/news/the-human-cost-of-war-in-georgia-20081001

100ადამიანის უფლებათა კომისრის, ტომას ჰამარბერგის ანგარიში ადამიანის უფლებებზე კონფლიქტის ზონებში 100. 08.09.2008, სტრასბურგი (ვლადიკავკაზი, ცხინვალი, გორი, თბილისი და მოსკოვი, 22 – 29 აგვისტო, 2008), URL: https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=1338365&Site=CommDH&BackColorInternet=FEC65B&BackColorIntranet=FEC65B&BackColorLogged=FFC679

101 What the Russians Left In Their Wake in Georgia, Melik Kaylan The Wall Street Journal, September 24, 2008, URL: http://online.wsj.com/article/SB122220864672268787.html

102 REUTERS 01 October 2008; RADIO FREE EUROPE 30 September 2008; THE ECONOMIST 25 September 2008; THE WALL STREET JOURNAL 24 September 2008; DAILY TELEGRAPH 15 September 2008; CHICAGO TRIBUNE 14 September 2008; ASSOCIATED PRESS 14 September 2008; INTERNATIONAL HERALD TRIBUNE 11 September 2008; REUTERS 11 September 2008; THE GUARDIAN 4 September 2008; THE NEW YORK TIMES 2 September 2008; BBC 31 August 2008; ASSOCIATED PRESS 30 August 2008; FINANCIAL TIMES 30 August 2008; THE TIMES OF LONDON 30 August 2008; ASSOCIATED PRESS 29 August 2008; THE TIMES OF LONDON 28 August 2008; BBC NEWS 25 August 2008; LOS ANGELES TIMES 24 August 2008; Le Monde 28 August 2008; Le Monde 28 August 2008; La Croix 19 August 2008.

103 29 აგვისტოს მდგომარეობით

104 International Court of Justice Grants Georgia's Request to Order Russia to Stop Ethnic Cleansing, Foley Hoag US NEWSWIRE, October 17, 2008

105 Civilians in the Line of Fire: The Georgia Russia Conflict, Amnesty International Report, November 2008, URL: http://www.amnesty.org.uk/uploads/documents/doc_18989.pdf

106 გაერთიანებული შტაბის უფროსის, ზაზა გოგავას ჩვენებით, ცხინვალის ცენტრში საცეცხლე წერტილების ჩასაქრობად გამოყენებული იყო მხოლოდ ზუსტი დამიზნების საარტილერიო იარაღი – DANA

107 http://www.interfax.ru, 20.08.2008

108 Georgia/Russia: Update on Casualties and Displaced Civilians, Human Rights Watch, Report, August 9, 2008, URL: http://www.hrw.org/en/news/2008/08/09/georgiarussia-update-casualties-and-displaced-civilians

109 Russia exaggerating South Ossetian death toll, says human rights group,Tom Parfitt, Guardian, 13 August 2008, URL: http://www.guardian.co.uk/world/2008/aug/13/georgia

110 Dutch cameraman was killed by Russian cluster bomb, Press- release, Ministry of Foreign Affairs of Netherlands, URL: http://www.minbuza.nl/en/news/newsflashes,2008/10/Dutch-cameraman-was-killed-by-Russian-cluster-bomb.html

111Georgia: More Cluster Bomb Damage Than Reported, Human Rights Watch, November 4, 2008, URL: http://www.hrw.org/en/news/2008/11/04/georgia-more-cluster-bomb-damage-reported

112 იხ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება, 01 სექტემბერი, 2008, URL: http://www.mod.gov.ge/?l=G&m=11&sm=0&id=1046

113 Russia moves SS-21 missiles into Georgia: US defense official, Agency France Press, August 18, 2008, URL: http://afp.google.com/article/ALeqM5hjizs8qJNzCIuzDwTXuyYWibfO9g

114 На грузинское село в Южной Осетии упала тактическая ракета, Елена Милашина, 09.09.2008, Новая газета, URL: http://www.novayagazeta.ru/news/318493.html

115 Russia and “responsibility to protect"

116 რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის მუხლი 120, პუნქტი 1

                2008 წლის დეკემბერი.

(http://www.parliament.ge)